ვითარება დაიძაბა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. საპოლიციო კორდონის გარღვევის მცდელობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის კანცელარიასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და რიგით მოქალაქეებს აკავებენ.

როგორც „თაიმერთან“ საუბრისას, ოპოზიციური პარტიის იურისტი, ალექსანდრე გუჯეჯიანი განმარტავს, პოლიციამ მოქალაქეების დაკავება არასამართლიანად დაიწყო, რადგან მათ არც ერთი ქმედება არ განუხორციელებიათ პოლიციის წინააღმდეგ. ერთადერთი, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ, ეს იყო დაშლის მოთხოვნა. თუმცა, პოლიციის მიერ პირველი არასამართლიანი მოქმედება, დემონსტრანტების დაშლის მიზნით, მათ წინააღმდეგ მხუთავი აირისა და წყლის ჭავლის გამოყენება იყო და ამ პროცესების შემდეგ მოხდა პარტიის წევრებისა და სხვა მოქალაქეების დაკავებაც.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით საჯარო განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემაც. ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება გააგრძელებს ვენდეტას, პოლიტიკური პარტიებისგან, ან პოლიტიკოსებისგან კი არა, თავად, ამ ახალგაზრდებისგან მიიღებენ პასუხს და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, რომ ყველა ანტი-პუტინისტურ აქციაზე მყოფი მოქალაქისთვის თავი დაენებებინა.
“კრემლისგან მართული გომელაური, დღეს, პატარა სათამაშო ადამიანის მეშვეობით დაემუქრა ჩვენს ახალგაზრდებს და თქვა, რომ თითქოს უმკაცრესად დაისჯებიან ახალგაზრდები. მე მინდა, გაგაფრთხილოთ, ნუ ეთამაშებით ამ ახალგაზრდებს, ნუ ხართ პროვოკაციულები და ნუ ცდილობთ პროვოკაციაზე და მათ ნერვებზე წამოკიდებას. შეეშვით, ყველას ვინც იცავდა ევროპულ მომავალს. შეეშვით, ყველა ანტი-პუტინისტურ აქციაზე მყოფ ადამიანს. და თუ თქვენ გააგრძელებთ ვენდეტას ამ ადამიანების მიმართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ არათუ პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები, ეს ახალგაზრდები და ეს ადამიანები გაგცემენ პასუხს. ამიტომ, ვაფრთხილებ კრემლის აგენტს, რუსული ოცნებიდან, ბატონ გომელაურს, ღარიბაშვილს, კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს. არცერთს არ დაედოს თითი, არცერთს, არცერთ სტუდენტს, არცერთ ახალგაზრდას და არცერთ აქტივისტს. წინააღმდეგ შემთხვევაში პასუხი, დარწმუნებული ვარ იქნება ადეკვატური ამ ადამიანებისგან”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც მან თქვა, რომ სწავლობენ 7 და 8 მარტის აქციებზე პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილ დამნაშავე პირებს კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. მისივე თქმით, აქციების დროს 58 პოლიციელი დაშავდა.

ავტორი: ლევან ჯანაშია
















