კანაფის ბაზარი გერმანიაში – რა შეიცვალა ლეგალიზაციის შემდეგ

გერმანიაში ექიმის რეცეპტით კანაფის აფთიაქში ყიდვა წელიწადზე მეტია შესაძლებელი გახდა. ეს იმპორტიორებს დიდ შემოსავალს აძლევს.
“მიმდინარე წელს, თვეში მინიმუმ 150 კგ კანაფს გავყიდით, სავარაუდოდ, ეს რიცხვი გაიზრდება” – ამბობს პიერ დებსი, აშშ-ს 52 წლის მოქალაქე, რომელიც ფირმა Spektrum Cannabis-ის ხელმძღვანელია. უკანასკნელ კვარტალში ამ ფირმამ სამედიცინო კანაფის გაყიდვაში მინიმუმ მილიონი ევროს მოგება ნახა.

პიერ დებსის ფირმა გერმანულ ბაზარზე დიდი ხანია მუშაობს. Spektrum Cannabis ერთ-ერთი პირველ კომპანიათაგანი იყო, რომელიც კანაფის ყვავილების იმპორტს აწარმოებდა, თავდაპირველად მას ნიდერლანდებში ყიდდა, შემდეგ კი – კანადაში.

2017 წლის მარტში, როცა გერმანიაში კანაფის სამედიცინო მოხმარებაზე თანხმობა განაცხადეს, Spektrum Cannabis-ს შესაძლებლობები გაეზარდა, თავდაპირველად გერმანულ ბაზარზე აფთიაქში მარიხუანის მიღება მხოლოდ ათას ადამიანს შეეძლო, წამლის ფასსაც ავადმყოფი თვითონ იხდიდა, ახლა კი, როცა ძალაში ახალი კანონი შევიდა, მედიკოსებს თავისუფლად შეუძლიათ ისეთი პრეპარატების გამოწევა, რომელიც კანაფზეა დამზადებული, ამასთანავე, გარკვეული მოთხოვნების შესრულების შემდეგ, მომსახურებას სადაზღვევო კომპანიები ანაზღაურებენ.
“ინტერესით ველოდებოდით ბაზრის გახსნას” – იხსენებს პიერ დებსი, რომლის ფირმის მომსახურებაზე მოთხოვნა თანდათანობით იზრდება.

გერმანიაში კანაფის სამედიცინო მიზნებით ლეგალიზაციიდან ერთი წლის შემდეგ, ქვეყნის ტერიტორიაზე ბევრი მწარმოებელი გაჩნდა. მათ შორის არის კომპანია Cannamedical, ფირმა კიოლნში მდებარეობს. “ბაზარი ძალიან ჩქარა იზრდება და მოხარულები ვართ, რომ მასში მონაწილეობის მიღება შეგვიძლია” – ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ნიკლას კურაპანისი, თუმცა, შემოსავლებზე არ საუბრობს. Cannamedical-მა უკვე რამდენიმე წინადადება მიიღო ინვესტორებისგან, რომლებიც მზად არიან კომპანია იყიდონ, თუმცა, კურაპანისი ფირმას არ ყიდის. განსხვავებულად მოიქცა Spektrum Cannabis-ი – 2016 წელს კომპანიის ახალი მფლობელი კანადური კონცერნი Cannopy Growth-ი გახდა და ეს ერთადერთი მომგებიანი გარიგება არ არის, მაგალითად, 2017 წელს, მარიხუანას მწარმოებელმა Aurora-მ 16 მილიონად შეისყიდა ბერლინური Pedanios – ორივე კანადური კომპანია მსოფლიოში ყველაზე მსხვილ მოთამაშედ ითვლება.
გერმანიაში კანაფის ბაზარს მსოფლიოს ყველა ქვეყნის მწარმოებელი ადევნებს თვალყურს – პიერ დერბსი ამბობს.

აშშ-სა და კანადაში ლეგალური კანაფის გაყიდვა, უკვე დიდი ხანია მომგებიანი ბიზნესი გახდა, მაგალითად, 2017 წელს ამერიკის იმ შტატებში, სადაც ნებადართულია კანაფის აფთიაქებში მიღება, 8 მილიარდი ევროს მოგება ნახეს. დღემდე, ლეგალური მარიხუანას ყველაზე მსხვილ მწარმოებლად კანადა ითვლება, სადაც მოყვანის, დაკრეფის, გადამუშავების, შეფუთვის და გავრცელების ბიზნესი თავიდან ბოლომდე აწყობილია.

გერმანიაში რამდენიმე ხნის წინ დართეს კანაფის მოყვანის ნება, ამიტომ იქ დღემდე იმპორტი შედის, 2019 წლიდან კი, გეგმაშია ადგილობრივი მოსავლის მოყვანა, თუმცა, გერმანიის კანაფის კონტროლის სააგენტო ძალიან მკაცრად უდგება მეწარმეების არჩევის საკითხს, ამიტომ კონკურსის გამოცხადებას ფიქრობს. სააგენტოს მიდგომების გამო რამდენიმე მეწარმემ მას სასამართლოშიც უჩივლა.
“ის, რომ მოსავალს 2019 წელს მივიღებთ, ნაკლებადდასაჯერებელია, და ამის გარკვეული ხნით გადადება მოგვიწევს, ამიტომ, ჯერჯერობით, ისევ იმპორტზე ვიქნებით დამოკიდებული” – “კანაფის ლეგალიზაციის გაერთიანების” ხელმძღვანელი გრეგორ ვურტი ამბობს. ამასთანავე, მისი თქმით, პრობლემა იმაშია, რომ მოთხოვნა იზრდება და იმპორტიორებს ბაზრის დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.
მართლაც, სამედიცინო მარიხუანას მოთხოვნამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ლეგალიზაციიდან პირველი 10 თვის მანძილზე სადაზღვევო ორგანიზაციებში 13 000-ზე მეტი მოთხოვნა შევიდა ხარჯების დაფარვაზე. ეს პროგნოზზე ორჯერ მეტია.

გერმანიაში, უკანასკნელ პერიოდში ძალიან იშვიათად ითხოვენ კანაფის ვაჭრობის სრულ ლეგალიზაციას.

მომზადებულია “დოიჩე ველეს” მიხედვით.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ში აღლუმზე ტანკებს არ გამოიყვანენ
შემდეგი სტატიაქალები ნაკლებად ნანობენ შემთხვევით სექსზე, თუკი ის მათი ინიცირებულია