1993 წლის ივლისი საქართველოსთვის ძალიან მძიმე გამოდგა. ქართული საჯარისო ფორმირებები ჯერ ისევ ტამიშის დესანტის განეიტრალებას ცდილობდნენ, როცა მოწინააღმდეგემ სოხუმთან ახლოს მდებარე სოფლებზე კამანსა და შრომაზე მიიტანა იერიში. ორივე სოფელი დაეცა. მოწინააღმდეგე სოხუმთან ძალიან ახლოს მივიდა.
კამანის აღება მოწინააღმდეგემ 1992 წლის ნოემბერშიც სცადა. მაშინ ქართველებმა სოფლის გადარჩენა შეძლეს. სოფლის მოსახლეობამ, რომლის უმეტესობას სვანები წარმოადგენდენ, ერთგვარი სახალხი ლაშქარიც ჩამოაყალიბა. მათ ზაზა პაკელიანი მეთაურობდა. 1993 წლის 5 ივლისსაც მათ მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგსთან მოუწიათ გამკლავება.
5 ივლისის შეტევა კამანელებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. მათ ამის შესახებ წინა დღეს ჰქონდათ ინფორმაცია. მოახლოებულ ტრაგედიას ყველა გრძნობდა, მაგრამ სოფლიდან გახიზვნაზე ქალებმაც კი უარი თქვეს. მხოლოდ ბავშვები და მოხუცები გაიყვანეს. ქალები მამაკაცების გვერდით იდგნენ და სოფლის გადარჩენას ცდილობდნენ.
მამა ანდრია ყურაშვილი მებრძოლებმა ერთგულების ფიცი კამანში მდებარე წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში დადეს. ისინი ტაძრის წინამძღვარმა მამა ანდრია ყურაშვილმა დალოცა. რამდენიმე საათში ტაძარიი ცოცხლად დარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის თავშესაფარი გახდა. მამა ანდრიასაც და სხვებსაც ეგონათ, რომ მოწინააღმდეგე ტაძარში ხელს არავის ახლებდა.
კამანელები და სოფელში მყოფი მცირერიცხვანი ქართველი მებრძოლები რამდენიმე საათი უწევდნენ წინააღმდეგობას მრავალრიცხოვან მტერს. ბევრი მათგანი დაიღუპა და ბევრიც მოკლეს, მაგრამ სოფლის შენარჩუნება შეუძებელი იყო. ვისაც ბრძოლა შეეძლო ყველა დაიღუპა, ან მძიმედ დაიჭრა.
ბოლო შეტყობინება კამანიდან ქართულ მხარეს ზაზა პაკელიანმა გადასცა. ის მეთაურობდა კამანელების რაზმს. მძიმედ დაჭრილმა შტაბამდე მიაღწია და ქართველებს შემდეგი შეტყობინება გაუგზავნა რაციით: ჩვენ დავიხოცეთ, დაბომბეთ კამანი!
სოფელში შესული აფხაზები, რუსები, კაზაკები და ჩრდილოკავკასიელები ცოფიანი ცხოველებივით იქცეოდნენ. დახოცეს ყველა. მათ შორის ეთნიკური აფხაზი იური ანუა, რომელიც კამანში ცხოვრობდა. იური ანუაც ტაძარში იმყოფებოდა. მტერმა არც მამა ანდრია დაინდო. როგორც ცოცხლად გადარჩენილები ჰყვებიან, მოძღვარს რუსულ ენაზე ჰკითხეს, ვისია ეს მიწა ქართველების თუ აფხაზებისო. ამაზე მამა ანდრიამ უპასუხა, მიწა უფლისაა. რამდენიმე წუთში ის დახვრიტეს. დახვრიტეს ტაძარში თავშეფარებული სხვა ადამიანების დიდი ნაწილი. ცოცხლად გადარჩენილები ტყვედ წაიყვანეს. ისინი ყოველდღე გაჰყავდათ და დახოცილი ქართველი მებრძოლებისთვის საფლავებს ათხრევინებდნენ.
1993 წლის 5 ივლისს, სოხუმიდან 15 კილომეტრში, ულამაზეს სოფელ კამანში, იოანე ოქროპირის სახელობის კამანის ტაძრის ეზოში აფხაზმა და დაქირავებულმა „ბოევიკებმა“ დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი, მღვდელ–მონაზონი მამა ანდრია და ამ ტაძრის მშენებელი, ეროვნებით აფხაზი იური ანუა, რომელიც ტაძრიდან გაიყვანეს, უძველეს სიწმიდესთან – წმ. ვასილისკოს წყაროსთან სასტიკად აწამეს, შემდეგ ესროლეს და ცხედარი დაწვეს.
ამ ტრაგედიიდან დღეს 31 წელი გავიდა. საქართველოში ეს ისტორია ცოტას თუ ახსოვს. ასეთი რამის დავიწყება არ შეიძლება. და არა მხოლოდ იმის გამო, რომ კამანელებმა საოცარი გმირობა აჩვენეს, ან მხოლოდ იმის გამო, რომ მოწინააღმდეგემ ტაძარში შეფარებული ხალხი და სასულიერო პირი დახვრიტა, არამედ იმიტომაც რომ მთელი სოფელი შეუბრალებლად ამოხოცეს.
მსგავსი რამ იშვიათად ხდება. ეს ყოველთვის უნდა გავახსენოთ ოკუპანტს.