კალიურანდი – ჩემი შეთავაზებაა, არ დაელოდოთ მედიაციის ახალ რაუნდს, ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა დაიწყონ საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრა

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ეუთო/ოდირის ანგარიშში შეფასებული იყო როგორც კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი საქართველოსთვის, ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე ევროპარლამენტარების მონაწილეობით.

მისივე თქმით, დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსები ნორმალურ მუშაობას პარლამენტში დაუბრუნდნენ. ამასთან, მარინა კალიურანდის განცხადებით, პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს.

„მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ევროპარლამენტმა მონაწილეობა მიიღო ორივე არჩევნების სადამკვირვებლო მისიაში. ეს აჩვენებს, რომ ევროპარლამენტი ვალდებულებას გრძნობს, საქართველოში დემოკრატიული რეფორმები ჩატარდეს. უნდა მოხდეს მისი სათანადო შეფასება. რაც შეეხება შედეგებსა და არჩევნების შეფასებას. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს, რაც ეუთო/ოდირმა განაცხადა ანგარიშში შეფასების კუთხით. ეს არჩევნები იყო შეფასებული როგორც კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ ისმის კითხვა, არის თუ არა ეს საკმარისი საქართველოსთვის. იმ ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს ევროპული მისწრაფებები. არჩევნების შემდეგ იმედი მაქვს, პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური არეულობა როგორღაც დაიძლევა. დადგა დრო ქართველი პოლიტიკოსებისთვის, რომ ნორმალურ, რუტინულ მუშაობას დაუბრუნდნენ. საჭიროა პარლამენტის მუშაობა და არა ბოიკოტი. პოლარიზაცია და ურთიერთბრალდებები უნდა დასრულდეს. არ მინდა, ჩავერიო საქართველოს ადგილობრივ საქმეებში. არ მაქვს ამის უფლებამოსილება, რომ ჩავერიო, მაგრამ რასაც მე პოლიტიკოსებისგან ვისმენდი, რომ თანამშრომლობა უნდა მოხდეს კოალიციების დაფუძნებით. საქართველოს პრეზიდენტით დაწყებული და სხვა პოლიტიკოსებით დამთავრებული.

ევროკავშირის ჩართულობა იყო ძალიან კრიტიკული და ღრმა. შარლ მიშელი პირადად იყო ჩართული და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ჩაატარა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი არ აკეთებს მსგავს რაღაცებს ყოველდღიურად, თუნდაც ყოველწლიურად, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაგიჭრით პრობლემებს და თქვენ მაგივრად ვერ ჩაატარებს რეფორმებს. ევროკავშირს შეუძლია, გაგიზიაროთ საუკეთესო გამოცდილება, მაგრამ ევროკავშირი ვერ გადაჭრის იმ პრობლემას, რაც საქართველოს წინაშე დგას. ახლა დროა, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეროვნული ინტერესები დააყენონ პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ქართველი ხალხის ინტერესი პრიორიტეტად უნდა დააყენონ.

ევროპარლამენტიდან ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ ჟან მონეს დიალოგი, რომ ხმა მივაწვდინოთ, მაგრამ ეს არის ფასილიტაცია. ჟან მონეს დიალოგი რომც დაიწყოს, ეს პრობლემებს ვერ გადაჭრის. ეს არის ფასილიტაცია, ეს არის მედიაცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა მიიღონ. ასევე ველოდები პარლამენტის ასოცირების კომიტეტის შეხვედრას ჩემს ქართველ კოლეგებთან. სამწუხაროდ, ეს მომდევნო წელს უნდა ჩატარდეს. ეს არის კიდევ ერთი შანსი, განვიხილოთ საკითხები. ასოცირების შეთანხმება არის ის, რაც გვაერთიანებს, პოლიტიკური დოკუმენტი. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, ეს მნიშვნელოვანი დოკუმენტია ევროკავშირისთვის. ზაფხულში მოხდა უნიკალური შემთხვევა, როდესაც ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა ქართულ პოლიტიკურ ელიტას მოუწოდა, შეერთებოდნენ შარლ მიშელის შეთანხმებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია, რომლებიც იყვნენ მიხეილ სააკაშვილთან, არ მოაწყონ პოლიტიკური სიტუაციის პროვიცირება. რა თქმა უნდა, გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები და განსხვავებული პოლიტიკური პარტიები. მე და ანა ფოტიგა შესაძლოა, ბევრ რამეში განვსხვავდებოდეთ, მაგრამ ჩვენ ინტერესი გვაქვს საქართველოს საკითხების მიმართ“, – აღნიშნა მარინა კალიურანდმა.

ამასთან, მარინა კალიურანდმა მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„რაც შეეხება ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით. მესმის, რომ მისმა პირადმა ექიმმა უნდა ჩაუტაროს მკურნალობა, მაგრამ როდესაც დააპატიმრეს, ვთქვი, რომ ყველა მისი უფლება უნდა იყოს დაცული და ყველა სამართლებრივი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანონის უზენაესობას. ჩვენ ახლა ვაკვირდებით საქართველოს სასამართლოს, რას გააკეთებს ის. უფრო ოპტიმისტური რომ ვიყო, ძალიან ბევრი რამ კიდევ გასაკეთებელია და ევროკავშირი ყოველთვის უჭერდა მხარს დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ გადავჭრით პრობლემებს თქვენ მაგივრად. დადგა დრო, ქართველი პოლიტიკოსები შეიკრიბონ, აიღონ პასუხისმგებლობა და დაიწყონ რეალური პრობლემების გადაჭრა. აჩვენონ, რომ დიახ, ჩვენ გაერთიანებული ვართ დემოკრატიული რეფორმებისა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

წინა სტატიაშიDRI – მესამე პრეზიდენტის მიმართ განვითარებული მოვლენები დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევად რღვევაზე მიუთითებს
შემდეგი სტატიალანა გალდავა – “ლელო” უერთდება და სოლიდარულია სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვის საკითხში