კალიფორნიის, ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის შტატებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ეროვნული გვარდია ჩაერთო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, სპეციალური ჯგუფის წევრებთან ერთად, გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის ფედერალური მთავრობის რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაახმოვანა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

პრეზიდენტმა გამოსცა ეროვნული გვარდიის აქტივაციის განკარგულება კალიფორნიის, ვაშინგტონისა და ნიუ იორკის შტატებში, რადგან სწორედ ამ შტატებში ფიქსირდება კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა აშშ-ში. ეს გადაწყვეტილება შტატებს დაეხმარებათ გამოიყენონ გვარდიის რესურსი კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ სხვადასხვა ოპერაციაში. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გვარდიას შტატების გუბერნატორებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის ფედერალური სააგენტო -FEMA- უხელმძღვანელებს და მას ფედერალური მთავრობა სრულად დააფინანსებს. ამასთან, შტატებს FEMA-სგან უკვე გაეგზავნათ სამედიცინო დახმარებები.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ის არ იყენებს თავდაცვითი მიზნების წარმოების აქტით (Defense Production Act) მინიჭებულ უფლებებს, რადგან აშშ-ში ბიზნეს ინდუსტრია ახალ მოთხოვნებს ნებაყოფლობით აკმაყოფილებს. პრეზიდენტმა მაგალითად მოიყვანა ისეთი კომპანიები, როგორებიცააა 3M, General Motors, Hanes და სხვები, რომლებმაც მოთხოვნის საპასუხოდ სასუნთქი აპარატების (ventilators) და სხვა სამედიცინო საშუალების დამზადება დაიწყეს.

ბრიფინგზე გახმოვანდა, რომ სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ სასუნთქი აპარატების წარმოებაზე კონტროლის წესები გაამარტივა, რაც ბიუროკრატიულ შეფერხებებს მინიმუმამდე დაიყვანს და საშუალებას მისცემს კერძო კომპანიებს აპარატების დეფიციტი მოკლე დროში აღმოფხვრან.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ აშშ-ში კორონავირუსის ახალი ტესტი უკვე არსებობს, რომელიც ბევრად მოკლე დროში დასვავს დიაგნოზს. მან ასევე განმარტა, რომ ტესტი ყველა სიმპტომიანი ადამიანისთვის იქნება ხელმისაწვდომი განურჩევლად მათი ლეგალური სტატუსისა აშშ-ში.

ასევე, პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ კონგრესი მალე შეძლებს ეკონომიკის „მესამე“ მასტიმულირებელ კანონპროექტზე ჩამოყალიბებას და გვერდზე გადადებს პოლიტიკურ უთანხმოებას. მან აქვე კორონავირუსით დაინფიცირებულ სენატორ რენდ პოლსა და კონგრესმენ მარიო დიაზ ბალარტს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და კონგრესს დისტანციური კენჭის ყრის რეჟიმზე გადასვლა ურჩია.

22 მარტის მონაცემებით, აშშ-ში კორონა ვირუსით დაინფიცირების 33 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებთან მოაწყობს და დაიცავს სპეციალურ გამშვებ პუნქტებს
შემდეგი სტატიაამირან გამყრელიძე – ვირუსის გავრცელების პიკზე ჯერ არ ვართ, ყველა ღონისძიება ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა და პიკში შესვლის პრევენციისკენ არის მიმართული