კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი სუს-ში დაიბარეს

კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე პრეზიდენტი კახა შენგელია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაიბარეს.
როგორც კახა შენგელია აცხადებს, იგი იმ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ “5+11”-სა და ესპანურ კლუბ “სასკო ბასკონიას” შორის დაიდო.
„ამ კონტრაქტის ირგვლივ დაისვა უამრავი შეკითხვა და ბუნებრივია, სამართალდამცველებსაც გაუჩნდებოდათ შეკითხვები. ვიცი, რომ ამ ესპანურ კონტრაქტთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. რასაც მკითხავენ და რაც ვიცი, რა თქმა უნდა, ვუპასუხებ. მეტი არაფერი არ ვიცი. თვითონ დამიბარეს და მოვედი“, – განაცხადა კახა შენგელიამ.
რამდენიმე დღის წინ კახა შენგელიამ და ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მამამ, ლევან ბულაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.
პრესკონფერენიის თემა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ფონდ “5+11”-სა და ესპანურ კლუბ “სასკო ბასკონიას” შორის დადებული ხელშეკრულება იყო, რომლის მიხედვით, ესპანელ მწვრთნელებს კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-20 წლამდე მოთამაშეები უნდა მოემზადებინათ.
კალათბურთის ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთი კალათბურთელის, ლუკა ბულაშვილის მომზადების თანხა პროექტის ფარგლებში უნდა დაფინანსებულიყო, თუმცა როგორც ლევან ბულაშვილმა განაცხადა, შვილის ვარჯიშის, მგზავრობის, ცხოვრების, კვებისა და ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი თავად დაფარა.

banner
წინა სტატიაშინარმანიას მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი გახდა
შემდეგი სტატიასოფლის მეურნეობის სამინისტროში კომპანიის „ბიოკომ ტექნოლოგი“ წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა