ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიულ ავიაციაზე უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული ბოლო იერიშები „სამხედრო ისტორიის გადაწერას“ წარმოადგენს. ამის შესახებ მან ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე მისვლისას განაცხადა.
კალასის თქმით, ოპერაცია, რომელსაც „აბლაბუდა“ ეწოდა, აჩვენებს, თუ როგორ შეუძლიათ შედარებით იაფ დრონებს ძალიან ძვირადღირებული ავიაციის განადგურება, რაც თანამედროვე ომის ბუნებას ცვლის.
„გასულ შაბათ-კვირას ჩვენ ვიხილეთ უკრაინული დრონების თავდასხმები, რომლებიც, ფაქტობრივად, სამხედრო ისტორიის გადაწერას წარმოადგენს. ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით დოლარის ღირებულების დრონების გამოყენებაზე მილიონობით დოლარის ღირებულების თვითმფრინავების გასანადგურებლად. ეს კიდევ ერთხელ ზრდის ომის ფასს რუსეთისთვის და აიძულებს მას, დაფიქრდეს მშვიდობის აუცილებლობაზე“, – განაცხადა კალასმა.
ამავდროულად, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი არ ცვლის ტაქტიკას და აგრძელებს სისტემატურ თავდასხმებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე.
„შეგახსენებთ, რომ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ან სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და რუსეთი ამას მუდმივად აკეთებს. ჩვენი პასუხი არ უნდა იყოს უკან გადადგმული ნაბიჯი. ჩვენი პასუხი უნდა იყოს რუსეთზე მეტი ზეწოლა, რათა მათაც მოისურვონ მშვიდობა“, – აღნიშნა კალასმა.