კალანდიას ძმა სააპელაციოს განაჩენზე: დანებებას არ ვაპირებთ, არ შევარჩენთ

დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიხეილ კალანდიას პატიმრობაში დატოვება მოსალოდნელი იყო.

როგორც ლუკა კალანდია ამბობს, ოჯახი ბრძოლას გააგრძელებს, რადგან, მისივე თქმით, უდანაშაულო ადამიანის ადგილი ციხეში არ არის.

„შემდგომი ინსტანცია გველოდება წინ. ველოდები განაჩენის გადმოცემის პროცესს. მაინტერესებს, რითი დაასაბუთებენ ეს მოსამართლეები, რომელთაც პრეტენზია აქვთ, რომ არ არიან მიკერძოებულები, როდესაც საქმეში არ დევს არაფერი მიხეილ კალანდიას წინააღმდეგ. როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებების შემდეგ მოსამართლე გამოდის და უტიფრად იძახის, რომ თურმე, 20 წლის ბიჭი 11 წლითა და 3 თვით ციხეში უნდა გაუშვა, სარკაზმულია მათი მხრიდან. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ, დანებებას არ ვაპირებთ, არ შევარჩენთ არავის 11 წლითა და 3 თვით, – უდანაშაულო ადამიანების ადგილი ციხეში არ არის. არჩევნები მოდის და არავის სჭირდება ზედმეტი ხმაური. მოსალოდნელიც იყო“ – განაცხადა ლუკა კალანდიამ.

11 წელი და 3 თვე – დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას საქმეზე სასამართლომ ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და 25 თებერვლის საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა.

კალანდია თბილისში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. სასამართლომ დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას 15 წელი მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, კალანდია საპატიმროში 11 წელსა და 3 თვეს გაატარებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე, დავით სარალიძე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, დაიღუპა.

banner
წინა სტატიაში“შაქარაშვილის ქარტია” – ანა დოლიძე სპორტსმენების მიმართ ახალი რეგულაციის დანერგვას ითხოვს
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე – დაველოდებით ეპიდემიოლოგების პასუხებს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩაიკეტება თუ არა გარდაბანი