კალანდარიშვილი: მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ 2 ოქტომბრის არჩევნების შეფასებასა და წინასწარ დასკვნებს გამოეხმაურა.

„აღსანიშნავია, რომ მათი შეფასებით, 2 ოქტომბრის არჩევნები იყო კარგად და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული, დაცული იყო კოვიდრეგულაციები და კენჭისყრის დღემ ზოგადად მშვიდ, კონკურენტულ და გამჭვირვალე გარემოში ჩაიარა.

მინდა, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს პროცესში ჩართულობისა და დაკვირვებისთვის. მათი როლი და შეფასება საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ ყურადღებით განვიხილავთ და გავითვალისწინებთ მათ მიერ გამოთქმულ რეკომენდაციებს არჩევნების მეორე ტურისთვის.

გარდა ამისა, მინდა გამოვეხმაურო სულ ცოტა ხნის წინ ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ პარალელური დათვლის შედეგებს. საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები და პარალელური დათვლის შედეგები ემთხვევა ერთმანეთს, რაც ადასტურებს რომ ცესკოს წინასწარი მონაცემები ზუსტად ასახავს ამომრჩევლების ნებას, რომელიც მათ საარჩევნო უბნებზე, თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გამოხატეს.

ამასთან აქვე აღვნიშნავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემები ასევე თანხვედრაშია ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებთან.

დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს იმ თავდაუზოგავი შრომისთვის, რაც მათ კენჭისყრის დღის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გასწიეს. ასევე მადლობა ამომრჩევლებს, ჩართულ მხარეებს, დამკვირვებლებსა და მედიას ამ პროცესებში აქტიური ჩართულობისთვის.

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას არჩევნების მეორე ტურის ასევე მაღალი სტანდარტების შესაბამისად ჩასატარებლად“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ.

banner
წინა სტატიაშიგალერი – ვისურვებდი, შეიცვალოს პოლიტიკური კლიმატი
შემდეგი სტატიაქემოკლიძე მეორე ტურზე: კითხვაზე, ვის დავუჭერთ მხარს, პასუხია, არც ერთს და არც მეორეს