“კალაძის დღევანდელი განცხადება, სამწუხაროდ, ცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს და ადამიანობის ფარგლებს”-ყოფილი მერის პასუხი მოქმედს

თბილისის მოქმედ მერს ყოფილი პასუხობს. გიგი უგულავა დღეს გამართულ ბრიფინგზე კახა კალაძის განცხადებებს გამოეხმაურა. უგულავას შეფასებით, კალაძის დღევანდელი გამოსვლა, ცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს.

„ამ დღეებში არც მე და არც ჩვენი პოლიტიკური გუნდი არ ვაპირებდით სამძიმრის იქით რაიმე კონკრეტულ დეტალებზე საუბარს, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ ვიდრე პირველადი სამუშაოებია ჩასატარებელი და ადამიანები პირდაპირ ფიზიკურ დახმარებას საჭიროებენ, არ არის პოლიტიკური კინკლაობის დრო, მაგრამ ქალაქის მერის დღევანდელი განცხადება სამწუხაროდ, ცდება ჯანსაღი აზრის სტანდარტებს, ცდება ადამიანობის ფარგლებს, სცდება სამსახურებრივ მოვალეობას. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ მას იმ გაჭირვებულ ადამიანებზე ეფიქრა, ვისაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, მან მოიცალა პოლიტიკური კინკლაობისთვის. ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ და ბატონი კალაძის იმ დაუსრულებელ სავაჭრო ნიშანს, რომ მათი ინსტიქტი არის მხოლოდ და მხოლოდ გადაბრალება. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ სანამ ჩვენ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც სხვას აბრალებს და ვერ იღებს პასუხისმგებლობას, მანამდე წინ ვერ წავალთ, მანამდე ასეთი პრობლემები ვერ მოგვარდება,“ – განაცხადა მან.

კალაძის დღეს გამოთქმულ ბრალდებებს წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავა საზოგადოების მოტყუებად აფასებს:

„დღეს ბატონი მერისგან ვიხილეთ გაშვერილი ხელი, რომ თითქოს 2009 წელს შეიცვალა კანონი და ამ კანონის საფუძველზე ერთმანეთთან კავშირში არ არის შენობის ექსპლუატაციაში მიღება და იქ კომუნალური სერვისების შეყვანა. დიახ, ეს ასეა. დიახ, ეს სწორია და დიახ, უმრავლეს ქვეყნებში შენობის ექსპლუატაცია არ არის დაკავშირებული იქ კომუნალური სერვისების შეყვანასთან და ეს სწორია.

2009 წელს გაუქმდა ჯარიმები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებში ცხოვრობენ, ასეთი ადამიანი მართლაც ათიათასობით არის თბილისში, განსაკუთრებით დევნილები. ბატონ კალაძეს მინდა ვკითხო, დევნილები, რომლებიც ცხოვრობენ მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაში, რომლებიც ვერ ირეგისტრირებენ საკუთარ ფართს და შესაბამისად ვერ შეჰყავთ კომუნალური სერვისები, ანუ თქვენ ამბობთ, რომ ადამიანს, რომელიც ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობაში გაჭირვების გამო ცხოვრობს, იმას კიდევ ჯარიმა უნდა დააკისრო? ანუ კიდევ უფრო მეტად უნდა გააღარიბო?რატომ ატყუებთ საზოგადოებას? კანონი პრობლემა არ არის, კანონის აღსრულებაა პრობლემა, იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, უკანასკნელ წლებში არც ერთ ასეთ შემთხვევაზე გამოძიებას დამნაშავე არ გამოუვლენია, არც ერთ ასეთ შემთხვევაში ფინანსური კომპენსაცია არც ერთ კომპანიას არ გაუწევია. ეს არის პრობლემა და არა კანონი, რომელიც 2009 წელს მოქალაქეების სასარგებლოდ შეიცვალა. და თუ მაინცდამაინც ეს კანონი არ ვარგოდა, 7 წელია „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, 3 წელი ბატონი ნარმანია მერი იყო და დღეს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაშია ასტრონომიულ ხელფასზე დანიშნული, მასაც შეეძლო თუ მაინც და მაინც ცვლილება იყო საჭირო,“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ დღეს, კანონით, ადამიანებს შეუძლიათ იმ შენობებში ცხოვრება, რომელიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახორციელა კანონში ის ცვლილებები, რომელიც დღეს პრობლემებს ქმნის.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო სასწავლო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით მიმართავს
შემდეგი სტატიააფეთქება დიდ დიღომში – თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის დასკვნა