კალაძემ ბიუჯეტის გაზრდისთვის პრემიერს და ფინანსთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.

პირველი საკითხი, რომელსაც თბილისის მერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე შეეხო, დედაქალაქის 2018 წლის ბიუჯეტი და დამატებით მოზიდული თანხებით განსახორციელებელი პროექტებია.

როგორც აღინიშნა, 2018 წლის განსახორციელებელი პროექტების ბიუჯეტი ჯამში, 60 მლნ ლარით გაიზარდა, რისთვისაც თბილისის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა სამინისტროს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

კახა კალაძის განცხადებით, 2018 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა იქნება. კერძოდ, განხორციელდება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის 32 პროგრამა, მათ შორის, ორი დამატებითი პროგრამა: ფარისებრი ჯირკვლის კიბოს სკრინინგი და ღვიძლის ტრანსპლანტაცია.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კახა კალაძემ ყურადღება გაამახვილა, სამშენებლო უსაფრთხოება და ამ მიმართულებით, კონტროლის გამკაცრებაა. დედაქალაქის მერმა თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი ბაგრატიონს მიმართა, რომ ქალაქში მიმდინარე მშენებლობებზე სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვა მკაცრად გააკონტროლოს.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს დაავალა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს, შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესებთან პროექტის შესაბამისობა მკაცრად გააკონტროლოს.

მისივე თქმით, აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოს მთავრობის N361-ე და N477-ე დადგენილებები. შესაბამისად, ყველა ის დეველოპერი, რომელიც დადგენილი წესების დაცვას არ უზრუნველყოფს, კანონის წინაშე სათანადოდ და სამართლიანად აგებს პასუხს.

banner
წინა სტატიაშიინტენსიური თოვის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი BBC-ს ჟურნალისტს – დაიკარგე აქედან