კალაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: სანამ ემოციები არ დაცხრება, შეფასებებისგან თავს შევიკავებ

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 17:37

კალაძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: სანამ ემოციები არ დაცხრება, შეფასებებისგან თავს შევიკავებ

თბილისის მერი კახა კალაძე პოლიტიკოსებს სთხოვს ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებებისგან თავი შეიკავონ. ამის შესახებ მერი Facebook-ზე წერს.

ის ასევე აღნიშნავს, რომ სანამ ემოციები არ დაცხრება არც თვითონ აპირებს კომენტარის გაკეთებას.

“გუშინ ზუგდიდში აღმაშფოთებელი დანაშაული მოხდა. სანამ ემოციები არ დაცხრება, ოპერაცია არ დასრულდება და ამ ფაქტით გამოწვეული საზოგადოების თუ მედიის დუღილის ტემპერატურა არ დაიწევს, მეც მოვერიდები და სხვა პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი პოლიტიკური შეფასებებისგან თავის შეკავებას. ყველას გვიხარია, რომ ეს დანაშაული უსისხლოდ დასრულდა. გვიხარია, რომ თითოეული დაზარალებული – მძევლად აყვანილი ადამიანი მშვიდობიანად დაბრუნდა სახლში.

მოდით მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ჩვენს პოლიციელებს, რომელთა ძალისხმევით და გმირობით დადგა ეს შედეგი. გავამხნეოთ თითოეული მათგანი. ამ ადამიანებს ოპერაციის მეორე ეტაპი აქვთ დასასრულებელი და ჩვენი- საზოგადოების, ხელისუფლების, მედიის მხარდაჭერა და გამხნევება, საქმის ბოლომდე მისაყვანად დიდი სტიმული იქნება. ჩემი მხარდაჭერა ჩვენს პოლიციელებს!”. – წერს კალაძე.

შეიარაღებული პირი საქართველოს ბანკის ფილიალში გუშინ, 21 ოქტომბერს, დღისით შეიჭრა. მან ბანკის თანამშრომლები და ადგილზე მყოფი მოქალაქეები მძევლებად აიყვანა.

მოგვიანებით ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, დამნაშავის დავალებით, მედიას დაუკავშირდა. კვარაცხელიამ თქვა, რომ ოთახში, რომელშიც დამნაშავესთან ერთად იმყოფებოდა, 19 მძევალი იყო. კვარაცხელია ასევე ყვებოდა, რომ თავდამსხმელი იყო “კბილებამდე შეიარაღებული” – მას ავტომატი, პისტოლეტი და ყუმბარა ჰქონდა, რომელსაც დამცველი მოხსნა და მუდმივად ხელში ეჭირა.

ყაჩაღი მოითხოვდა, რომ სამართალდამცავებს მისთვის $500 000 გადაეცათ, ასევე, უზრუნველყოფილიყო მისი გადაადგილება ვერტმფრენით ან მანქანით, მძევლებთან ერთად.

დაახლოებით, 22:00 საათზე, თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის მიმდებარე ტერიტორია დატოვა სამ მძევალთან ერთად – მათ შორის ერთ-ერთი იყო შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ავთანდილ გალდავა. სხვა მძევლები გათავისუფლდნენ.

ბოლო ინფორმაციით, თავდამსხმელმა მასთან ერთად მყოფი სამი მძევალი გაათავისუფლა, თვითონ კი გაიქცა.

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 17:37