ყველა რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში წარმოდგენილი, იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, პროტესტის უკან დგანან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლაა.
„ჩვენს მოსახლეობას შიდა თუ გარე ძალებმა პირდაპირ აუკრძალეს, ჰქონოდათ ინფორმაცია, ვინ არის ქვეყნის მოყვარე და მტერი. საზოგადოებას აუკრძალეს გაცნობოდა კანონპროექტს და ემსჯელა მის ავკარგიანობაზე. პროცესის განმავლობაში არავინ შესულა სიღრმეში და არანაირი მსჯელობა არ ყოფილა, რატომ არის ეს კანონპროექტი პრობლემა, რომელიც ემსახურება ერთ რამეს, გამჭვირვალობას, იმას, რომ არასამთავრობოებმა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ დეკლარაცია, ვისგან იღებენ ფინანსებს და რა პროექტებში იხარჯება, აქ არ არის საუბარი ფიზიკურ პირებზე, შშმ, პირებზე, მეცნიერებზე, სტუდენტებზე, აქ საუბარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ტელევიზიებზე. მიუხედავად არაერთი შეთავაზებისა, კანონპროექტი გამხდარიყო ფართო მსჯელობის საგანი, ყველა მხრიდან იყო უგულებელყოფილი“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მშვიდობიანი გზით გამოხატოს პროტესტი.
„დღეს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მშვიდობიანი გზით გამოხატოს პროტესტი, თუმცა ჩვენ ვიხილეთ პროტესტის ძალადობრივი ფორმებიც, რომლის უკანაც რეალურად დგანან რადიკალური, რევანშისტი პოლიტიკოსები, რომელთა დღის წესრიგში სახელმწიფო გადატრიალებით ხელისუფლებაში მოსვლა არის, რადგან ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ. ყველა რადიკალური პოლიტიკური პარტია, რომელიც დღეს არის ქვეყანაში წარმოდგენილი, იბრძოლებს იმისთვის, რომ როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ“, – განაცხადა კალაძემ.