კალაძე ვარაუდობს, რომ აზერბაიჯანთან გაზის დამატებით მოცულობებზე შეთანხმება რამდენიმე დღეში მოხდება

ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს, აზერბაიჯანული გაზის დამატებით მოცულობებზე, შეთანხმების იმედი აქვს.

კალაძის თქმით საქართველო, აზერბაიჯანული გაზის მიწოდების გაზრდის მიზნით, “შაჰ დენიზის” კონსორციუმთან რამდენიმე თვეა, მოლაპარაკებებს აწარმოებს.

“ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ჩვენ შევათანხმებთ ამ საკითხს და აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების შესაძლებლობა გაჩნდება”, – განაცხადა კალაძემ.

აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას, ენერგეტიკის მინისტრმა “გაზპრომსა” და საქართველოს შორის მოლაპარაკებებს ჩვეულებრივი, ყოველწლიური პროცედურა უწოდა.

“ჩვენ ვიღებთ, 10% რუსული გაზის გატარების სანაცვლოდ და ყოველ წელს ჩვენ ხელშეკრულებას ვაახლებთ. აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა გვაკავშირებს. სამწუხაროდ, ზოგიერთი ძალა, ასეთ მომენტს იყენებს იმისთვის, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა გააფუჭოს, თუმცა მათ არაფერი გამოუვათ”, – განაცხადა კალაძემ.

“სამხრეთ გაზის კორიდორის” პროექტზე საუბრისას ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ქვეყანას ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

“საქართველოში ამ პროექტთან დაკავშირებული ყველა სამუშაო გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ ის 2018 წელს ექსპლუატაციაში შევა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალზე იმყოფება.

მინისტერიალზე შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის მიმდინარეობას, ასევე, Tanap-ისა და Tap-ის პროექტებს განიხილავენ, სადაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორია.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტების ფარგლებში საქართველოში ორი მილიარდი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და 2019 წლიდან ქვეყანა შეძლებს მიიღოს დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობები შეღავათიან ფასად.

მინისტერიალს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნის. მინისტერიალში ასევე მონაწილეობენ, აზერბაიჯანისა და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრები და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილია კახა კალაძის ორმხრივი შეხვედრები BP-ის წარმომადგენლებთან, აშშ-ის დელეგაციასთან და სოკართან.

მინისტერლიალი ერთ დღიანია და ვიცე-პრემიერი, ენეგეტიკის მინისტრი კახა კალაძე საქართველოში 29 თებერვალს დაბრუნდება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშილი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია„საქართველოს არ სურს, ძვირი ირანული გაზის შესყიდვა“