კალაძე – წლის ბოლოსთვის არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში

​ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი გახლავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, ყველაზე მოწესრიგებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„რაც შეეხება სატრანსპორტო პოლიტიკას, მართლაც მნიშვნელოვანი რეფორმები წამოვიწყეთ, თავისი ავტობუსების განახლებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით. ვთქვათ ისიც, რომ მაგალითად, როგორც გლდანში ვეკუა-ხიზანიშვუილის ქუჩების მოწესრიგება მოხდა, ვაკეში ჭავჭავაძის გამზირის განახლება, შეიძლება, არსებული კრიზისიდან, პანდემიიდან გამომდინარე, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ყველგან, ყველა ქუჩაზე ვერ მოვახერხეთ ამ სამუშაოების ჩატარება. თუმცა, რაც შეეხება საავტობუსე ზოლების გაჩენას, დახაზვით სამუშაოებს, მაქსიმალურად ვცდილობთ, ეს ყველაფერი გავაკეთოთ, რათა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელზეც არის ძალიან დიდი ყურადღება გამახვილებული და ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და ზუსტად ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი და უმთავრესი გახლავთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ ყველაზე კომფორტული, იყოს ყველაზე მოწესრიგებული. ასი ათასობით მგზავრი გადაჰყავს საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიურად და შესაბამისად, შეფერხება არ უნდა ჰქონდეს ტრანსპორტს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე კარგად მიმდინარეობს ავტობუსების განახლების პროცესი.

„წლის ბოლოსთვის საერთოდ არც ერთი ყვითელი ავტობუსი არ იმოძრავებს დედაქალაქში, ეს ეხება როგორც ავტობუსს, ასევე მიკროავტობუსებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუმცა, გუშინაც ვისაუბრე ამაზე – მხოლოდ ავტობუსების ჩანაცვლებით პრობლემას ვერ მოვაგვარებთ. აუცილებლად შესასრულებელია რეფორმის ყველა ის დეტალი, რომლებზეც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ და წარვუდგინეთ საზოგადოებას. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებით, რომელზეც უკვე 30 წელია, პრობლემა არსებობს, ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი მოწესრიგდება და ყველაფერი იქნება ისეთ დონეზე, როგორც ყველა განვითარებულ, ევროპულ დედაქალაქებში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კუჭავა ლატვიის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაიმერეთის სამხარეო პოლიციასთან დაკავებულ ირაკლი მუკბანიანის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს