ფრანგი ფერმერები პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გადადგომას ითხოვენ. ისინი პარიზში, სოფლის მეურნეობის გამოფენაზე შეიჭრნენ, სადაც მაკრონის მისვლა იყო დაანონსებული.
Reuters-ის ინფორმაციით, ფერმერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შემდეგ ერთი ფერმერი დააკავეს. გამოფენაზე მისულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა ფერმერთა გაერთიანების ლიდერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაში ფერმერთა გაერთიანების წარმომადგენლებსა და სექტორის სხვა დაინტერესებულ მხარეებს ელისეს სასახლეში მიიწვევს.
ფრანგი ფერმერები უკრაინიდან და ევროკავშირის სხვა არაწევრი ქვეყნებიდან სურსათის იმპორტის შეზღუდვას ითხოვენ, რადგან ამ ქვეყნებს ევროპული რეგულაციებისა თუ სტანდარტების დაცვა არ უწევთ. შესაბამისად, პროდუქტს ევროპაში იაფად ყიდიან. ასევე მათი მოთხოვნა, საწვავის ღირებულების შემცირებასა და გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შერბილებას შეეხება.