კალაძე: სრულიად სახელმწიფოს წინაშე უმძიმესი დანაშაული იქნა თავიდან აცილებული

ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე შესაბამის სამსახურებზე ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე”,- ამბობს ვიცეპრემიერი კახა კალაძე პროკურატურის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით. გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის თქმით, მამა გიორგი მამალაძე გერმანიაში ციანიდით გამგზავრებას და მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლას გეგმავდა.

“უმძიმესი დანაშაულის ჩადენა იქნა თავიდან აცილებული, მე ვფიქრობ, რომ ეს კარგად გათვლილი გეგმა იყო და ჩაფიქრებული იყო ამის განხორციელება და ეს არ იქნებოდა დარტყმა მხოლოდ ეკლესიაზე, ეს იქნებოდა დარტყმა სრულიად საქართველოზე, ჩვენს ინსტიტუტებზე შესაბამის სამსახურებზე ქვეყანაში სიმშვიდესა და მშვიდობაზე, თუმცა ეს ყველაფერი არ გამოუვიდათ.

მადლობა მინდა მოვახსენო შესაბამის სამსახურებს საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს, პროკურატურას და დაველოდოთ გამოძიებას, როგორც მოვისმინეთ მიმდინარეობს გამოძიება და სხვა დეტალებიც უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. თუმცა ერთი რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ აუცილებლად ყველა დამნაშავე რომელიც ამ საქმეზე გამოიკვეთება უმკაცრესად იქნება დასჯილი”, – ამბობს კალაძე.

მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საქმეზე მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, თუმცა, “საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე”, პროკურატურა მათ გასაჯაროებას და “დეტალებზე საუბარს” არ აპირებს. შოთაძის თქმითვე, ამ ეტაპზე, დანაშაულის სავარაუდო მოტივი – ანგარებაა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, საქმეს “არანაირი გრიფი საიდუმლო არ ადევს”. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. აღნიშნული განცხადების მიღებისთანავე დაწყებული გამოძიების ფარგლებში საქართველოს პროკურატურაში დაიგეგმა და ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებას, რის სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა გამგზავრებამდე.

როგორც დგინდება, დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც ამავდროულად იყო შპს „საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი, სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე სისტემატიური ურთიერთობა ჰქონდა კათოლიკოს-პატრიარქთან და მის უახლოეს გარემოცვასთან. გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ გ.მამალაძე ამზადებდა ერთ-ერთი პირის მკვლელობას, სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან გამოძიებით ამ ეტაპზე დაუდგენელი პირისგან შხამიანი ნივთიერება – ციანიდი, რომლის გამოყენების შემთხვევაშიც გარდაუვალი იქნებოდა სასიკვდილო შედეგი და სისრულეში იქნებოდა მოყვანილი ბრალდებულის დანაშაულებრივი განზრახვა.

2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე – თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება -„ნატრიუმის ციანიდი“.

ამავდროულად, გიორგი მამალაძის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა, რომლებიც მან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.

გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე და 236-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე” – აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაში“ენმ” სასულიერო პირის მოწამვლის საქმეზე პარლამენტში სპეციალური ჯგუფის შექმნას მოითხოვს
შემდეგი სტატიამამა ანდრია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებაზე: აგონიაში ვარ, ვფიქრობდი, სიზმარში ხომ არ ვარ-მეთქი