ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში არიან აღმოცენებულნი, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ არის ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართება და ამ ყველაფრის დამადასტურებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა. ეს რომ მოგვნდომებოდა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა,- ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პრეზიდენტის ინიციატივას “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით.
მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი.
„ჩვენ ამას მივესალმებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვამბობდით იმას, რომ ეს პოლიტიკური პარტიები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის” წიაღში არიან აღმოცენებულნი, დღეს შეიძლება სხვადასხვა სახელებით გამოდიან, მაგრამ არიან ერთი გუნდი, ერთი ხელით იმართება და ამ ყველაფრის დამდასტურებელია ის გადაწყვეტილება, რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა. ეს რომ მოგვნდომებოდა, შეიძლება ვერ გაგვეკეთებინა. ნამდვილად მისასალმებელია, რომ ისინი ერთ პლატფორმაზე არიან წარმოდგენილნი. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, ფაშისტები, რომლებიც ლიბერალიზმით, ნიღბით არიან შენიღბულები”,- აღნიშნა კალაძემ.
რაც შეეხება კითხვას, როგორ შეაფასებდა მერი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ პოლიტიკური პარტიების ერთიანობა არ ნიშნავს ერთიან სიას, კალაძემ აღნიშნა, რომ “არ არის საინტერესო რაზე საუბრობს პრეზიდენტი”.
“საერთოდ არ არის საინტერესო რაზე საუბრობს სალომე ზურაბიშვილი. ჩემთვის ჩემი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის აზრია მნიშვნელოვანი. ჩვენი მოსახლეობა არის ის პატივცემული საზოგადოება, ვინც იღებს გადაწყვეტილებას ვინ უნდა უყოს ხელისუფლებაში და არა გარედან ვიღაცამ რაღაც დაუკვეთოს ან ვიღაცამ რაღაცა მოისურვოს, შეცვალოს ვიღაცა, წარმოადგინოს მათთვის მისაღები კანდიდატურა. ეს არ არის საინტერესო”,- განაცხადა კალაძემ.