კალაძე: როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას. კახა კალაძე მეტროს მემანქანეების მიერ ორგანიზებულ გაფიცვის ღონისძიებას თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.

„არაერთი შეხვედრა შედგა მერიაში, სადაც ჩვენ მათ დეტალურად განვუმარტეთ ის რეალობა და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს მუნიციპალიტეტში არსებობს და რის გამოც მუნიციპალიტეტი ვერ მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ეს ადამიანები ითხოვენ.

ჩემთვის, ისევე, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის შრომა, რასაც ეს ადამიანები ეწევიან, ისევე, როგორც მუნიციპალიტეტის სხვა სტრუქტურებში დასაქმებული ადამიანების არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმიანობა. შესაძლოა ამ შემთხვევაში სათანადოდ ვერ ფასდება საჯარო მოსამსახურეების შრომა თანამდებობრივი სარგოთი, შესაძლოა, ეს ანაზღაურება არ ეპასუხება იმ საქმეს, რომელსაც ეს ადამიანები ასრულებენ, მაგრამ ის ასახავს იმ ეკონომიკურ შესაძლებლობას, რომელიც დღეს მუნიციპალიტეტს გააჩნია.

ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და ამის შედეგად როგორც მოქალაქეების, ასევე, მუნიციპალიტეტის სისტემაში დასაქმებული მოსამსახურეების შრომითი პირობების გაუმჯობესება. მე არასოდეს მივუდგები ინდივიდუალურად თანამშრომელთა რომელიმე კონკრეტულ ჯგუფს და არ მივიღებ მხოლოდ მათთვის მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს ვერ და არ მოხდება. ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაითვალისწინებს მთლიანად მუნიციპალიტეტის მასშტაბით დასაქმებულ თანამშრომლებს და ქალაქის მოსახლეობას. ჯერ კიდევ არ მქონდა ოფიციალურად მუშაობა დაწყებული, როდესაც მივედი სატრანსპორტო კომპანიაში და დავუდასტურე ჩემი პატივისცემა“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, სრულებით მიუღებელია ისიც, რომ ეს ადამიანები და კონკრეტული პროფესიული კავშირის წევრები საუბრობენ სატრანსპორტო კომპანიისა და მუნიციპალიტეტის სახელით და ულტიმატუმის ენით ელაპარაკებიან არა მხოლოდ მერიას, არამედ დედაქალაქის მოსახლეობას.

„ამ ადამიანებს შეუძლიათ ისაუბრონ საკუთარ გადაწყვეტილებებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე, თუ ის არ ეწინააღმდეგება კანონს, მაგრამ მეტრო გაიხსნება თუ არა, ამ გადაწყვეტილებას ვიღებ მე და ვიღებთ თბილისის მთავრობა და მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ როგორც 3 მაისს, ისე ნებისმიერ დღეს მეტრო იმუშავებს და მოემსახურება ქალაქის მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიაქცია ქობულეთში – მოსახლეობა ნაგავსაყრელის მოწყობას აპროტესტებს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე აცხადებს, რომ „ვარდების რევოლუციის“ მოედნისთვის სახელის გადარქმევას მიესალმება