„ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას – უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, სჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა პასუხი უნდა აგონ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, საუბარია წარსულში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც ტერიტორიების დაკარგვას ეხება და რომელსაც გამოძიება სჭირდება. მისივე თქმით, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.
„ქართული ოცნება“ არ აპირებს პარტიების აკრძალვას, როგორც თქვენ ციტირებთ. ეს არის ტყუილი და არასწორი ინფორმაცია. აქ საუბარია იმ კონკრეტულ დანაშაულებრივ ჯგუფზე, რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული და ვისი დაკვეთით კეთდებოდა ეს, ცხადი უნდა გახდეს ყველასთვის, საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ამ უგუნური ქმედებით, რომელიც, მგონია, რომ ნაკარნახევი იყო გარედან, ჩვენ დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა უამრავი გმირი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლეობა, დღესაც ოკუპირებულია ქვეყნის ტერიტორიების ძალიან დიდი ნაწილი და ნებისმიერი ქართველი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს, ვისაც სამშობლო უყვარს, რომ გააჩეროთ და კითხოთ, რა არის ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი, გეტყვის, რომ ეს არის ტერიტორიული მთლიანობა. ამ უგუნურ ქმედებებს და ბოროტებას, რაც იყო ჩადენილი, სჭირდება შესაბამისი გამოძიება, ჭირდება პასუხები კონკრეტულ კითხვებზე და დამნაშავეებმა უნდა აგონ პასუხი.
მათ რეზოლუციაზე აქვთ ხელი მოწერილი, ეს რეზოლუციაც არის ბოროტება. როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანას დააბრალო ომის დაწყება. რეზოლუციაში ეწერა, რომ მძინარე ცხინვალი დავბომბეთ და ამას მოაწერეს ხელი, ხომ?! ყველა კითხვას ჭირდება პასუხები და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.