რადიკალური ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა და დაძაბულობა. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღკვეთოს ასეთი ქმედებები, რადგან რადიკალური ქმედებები მარცხისთვის არის განწირული, – ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„რაც შეეხება ოთარ ფარცხალაძის სანქცირების საკითხს, ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა. არაერთი განცხადება გააკეთა ნათია თურნავამ, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, მცდელობა იყო, რომ ეს ვითარება გამოეყენებინათ პოლიტიკურად. ძალიან ბევრი სიბინძურე მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით და ყველაზე მთავარი – მცდელობა იყო, რომ მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ჩამოეშალათ, თუმცა, ცხადია, ესეც არ გამოუვიდათ. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და შენარჩუნდეს მშვიდობა“, – აღნიშნა კალაძემ.
“აქაც იკვეთება მათი [ოპოზიციის] დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. აქაც იკვეთება, რომ ისინი არც საკუთარ თავს ეკუთვნიან, არც საკუთარ ხალხს და არც საკუთარ ქვეყანას. ისინი ემსახურებიან კონკრეტული ქვეყნის წარმომადგენლებს. მათ ჰყავთ თავიანთი პატრონები და ეს ძალიან ბევრ რამეში იკვეთება. თუნდაც ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ ეროვნული ბანკის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ერთმანეთზე მიყოლებით ტოვებდნენ თანამდებობას. მათ გამოავლინეს უპრინციპობა, არანაირი პრინციპი არ აქვთ ამ ადამიანებს. აქ საუბარია კონსტიტუციის პატივისცემაზე, კანონების პატივისცემაზე, მაგრამ ყველაფერი ცხადი და ნათელია”, – განაცხადა კახა კალაძემ.