კალაძე კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები – ირაკლი ნადირაძე

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მერიის მიერ საკრებულოში გადაგზავნილ თბილისის ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებს. ოპოზიციის წევრების თქმით, თანხები არამიზნობრივად არის გაწერილი. ცვლილებების მიხედვით, მცირდება ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსება, მათ შორის იკლებს მეტროსადგურების რეაბილიტაციის დაფინანსება. ასევე კლებაა ბიუჯეტის იმ მუხლში, რომელიც ავარიული კორპუსების გამაგრებას ითვალისწინებს.

„იმის ნაცვლად, რომ წარმოედგინა თბილისის მერს, კახი კალაძეს სწორად დაგეგმილი ბიუჯეტი, სადაც მკვეთრად იქნება შემცირებული ბიუროკრატია, კვლავ და კვლავ ზრდის ბიუროკრატიას, ახალ შპს-ებს, აიპ-ებს, რომ დაასაქმოს „ქართული ოცნების“ აქტივისტები და ახლობელ-ნათესავები და მხოლოდ ერთ სამსახურს, რომელიც დანა-ჩანგლის ხმარების ტრენინგებითაა ცნობილი, 158 შტატს უმატებს. გარდა ამისა, მაშინ, როდესაც თბილისელებს მეტრო თავზე ენგრევათ, იმის ნაცვლად, რომ მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოების დაფინანსება გაეზარდა, კახა კალაძემ გაანახევრა ეს მუხლი და 10 მილიონის ნაცვლად, მხოლოდ 5 მილიონს დახარჯავს,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ირაკლი ნადირაძემ.

ოპოზიციის პრეტენზიებს საკრებულოს უმრავლესობა არ ეთანხმება. მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტი სწორად არის გაწერილი და აპირებენ, რომ მას მხარი დაუჭირონ.

„ეს არის ოპოზიციის მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს ად რამენაირად პოლიტიკური ქულები დაიწეროს. აჩვენ ამის საშუალებას არ მივცემთ. ჩვენ დაავანონსეთ წინასწარ, რომ საქალაქო სამსახურების სტრუქტურული რეფორმა იქნებოდა,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

თბილისის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების მიხედვით, იზრდება ჩინოვნიკების შრომის ანაზღაურება და მცირდება ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. ცვლილებების მიზეზი კი ისაა, რომ გასულ წელს ნარმანიას ადმინისტრაციამ 34 მილიონი ლარი ვერ აითვისა. დაუხარჯავი თანხით თბილისის მერიაში ახალი აიპ-ები იქმნება.

banner
წინა სტატიაშირებეკა ჰარმსი მუსტაფა ემრე ჩაბუქის მოსანახულებლად საპატიმროში იმყოფება
შემდეგი სტატიაISET-ის ლიდერებისა და მენეჯერების სასერტიფიკატო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო