კალაძე – ყველაფერს ვაკეთებთ, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი შესრულდეს და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ

საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ – მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, კალაძის თქმით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა „ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ“.

„თუ ვინმე აღნიშნულ სტატუსს იმსახურებდა, ეს იყო ჩვენი ქვეყანა. ყველა მაჩვენებლით იმ ქვეყნებზე წინ ვართ, ვინც სტატუსი მიიღო. ამ ყველაფრის მიუხედავად, 12-პუნქტიანი გეგმა მოგვცეს. საუბარი იყო, რომ ოპოზიციაც უნდა ჩართულიყო, თუმცა ისინი არათუ არ ჩართულან, არამედ ყველაფერს აკეთებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელი შეუშალონ. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა აღნიშნული 12-პუნქტიანი გზამკვლევი ზედმიწევნით იქნეს შესრულებული და არავის არაფერზე სალაპარაკო არ დავუტოვოთ“,- განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დეკემბრამდე გადაიდო, კალაძე ამბობს, რომ ეს ევროსტრუქტურების მხრიდან თხოვნა იყო, რასაც ხელისუფლება ასრულებს.

„პრემიერს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტი ჰქონდა. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, მათი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული კანონი მესამე მოსმენით არ მიგვეღო. ვითვალისწინებთ, დეკემბრამდე დაველოდებით და არ მივიღებთ. ზოგადად, დაველოდებით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული სტატუსთან დაკავშირებით. მინდა, მჯეროდეს, რომ ამჯერად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. ყველა წარმატებული ნაბიჯი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება, ევროპაში მოვისმინეთ განცხადებები, რომ საქართველო მართლაც იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს და გადაწყვეტილება, რაც მიღებული იყო, არასამართლიანი. ამჯერად, მინდა მჯეროდეს, რომ დეკემბერში გადაწყვეტილება სამართლიანი იქნება და ქართველი ხალხი და სახელმწიფო არ დაიჩაგრება“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმაროშ შეფჩოვიჩი – სამივე ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ძალიან მკაფიო ნაბიჯები აქვს, რომელიც დასაკმაყოფილებელია, ვფიქრობ, პოზიტიური შეფასებები იქნება იმ პროგრესზე, რომელსაც უკვე მიაღწიეს
შემდეგი სტატიაკალაძე – როგორც ვიცი, ლევან ხაბეიშვილი შოტლანდიაში იყო, იმ პრობლემებს აგვარებდა, რაც საფეხბურთო მატჩის წინ შეიქმნა წვიმის გამო და დაბრუნდა?