კალაძე – ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს

„საქართველო აფხაზეთია და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს“, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ პროექტში აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოდ ხსენებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

როგორც დედაქალაქის მერმა განმარტა, ზოგიერთი ევროპარლამენტარის მიერ გაკეთებული განცხადებებიდან იკვეთება, რომ მათ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი გააჩნიათ.

„ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აფხაზეთი საქართველოა და ამის შეხსენება არავის უნდა სჭირდებოდეს, მით უმეტეს, იმ ადამიანებს, ვინც ვითომ მეგობრებად მოგვევლინებიან. თავიანთი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ აქვთ ვიწრო პოლიტიკური ინტერესი. უკვე ავხსენი, თუ რა არის იმ რამდენიმე ევროპარლამენტარის პატარა პოლიტიკური ინტერესი, რომელთა სამარცხვინო განცხადებებს ვისმენთ. ეს არ არის პირველი შემთხვევა. წინა შემთხვევებიც გავიხსენე, თუ რა განცხადებები კეთდებოდა, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენთვის მთავარია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი გავაძლიეროთ. როდესაც საფრანგეთმა უცხოური გავლენების გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტი მიიღო, გვახსოვს, რა დაედო ამ ყველაფერს საფუძვლად – შეემცირებინათ ამერიკული, რუსული, არაბული გავლენები თავიანთ ქვეყანაში. იგივე გვინდა ჩვენც, რომ შევამციროთ უცხოური გავლენები, ზოგიერთი რადიკალი კი გვეუბნება, მოდით, ისევ უცხოელებს ჰკითხეთ, როგორია აღნიშნული კანონიო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – ხომ არ არის შეცდომა ყირგიზეთთან ერთად აფხაზეთის ცალკე ქვეყნად ხსენება, თბილისის მერი პასუხობს, რომ მომავალში ყველაფერი გაირკვევა.

„ვერ გეტყვით, შეიძლება მიზანმიმართული პროვოკაციაც იყოს. შევხედოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

banner
წინა სტატიაშიორბანი – ევროპას ლიბერალურმა ცნებებმა გადაუარა, წალეკა კონტინენტი
შემდეგი სტატიამოსამართლის გადაწყვეტილებით, პიჯაკების საქმის პროცესებზე, დარბაზში დამსწრეთა რაოდენობა შეიზღუდება