კალაძე – ხმა მივეცი განვითარებას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში

ხმა მივეცი განვითარებას, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, – ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, შემოვხაზე კახა კალაძე – 41, რათა ის აღმშენებლობა და განვითარება, რაც დაწყებული გვაქვს 2017 წლიდან დედაქალაქში, გაგრძელდეს. ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ამ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ამ ქალაქს. ჩვენ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ ბოლო წლების განმავლობაში, გვაქვს კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული ყველა მიმართულებით, რეფორმები, სიახლეები, ეს ყველაფერი აუცილებლად გაგრძელდება“, – აღნიშნა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ დედაქალაქის მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდა.

„იაქტიურეთ მეგობრებო. თქვენი მხარდაჭერა, თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა თბილისის განვითარება შეუქცევადი გახდეს და ყველამ ერთად შევძლოთ იმ კარგი საქმეების გაკეთება ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილიშვილებისთვის, ამ ქვეყნისა და ქალაქის მომავლისთვის, რაც სჭირდება დედაქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ ძალიან დიდი თანადგომა აქვს და არჩევანის გაკეთება ამომრჩევლისთვის ძალიან მარტივი იქნება.

„ძალიან დიდი იმედი მაქვს გამარჯვების. ყველა მუნიციპალიტეტში „ქართულ ოცნებას“ აქვს ძალიან დიდი თანადგომა და არჩევანის გაკეთებაც ძალიან მარტივია. ძალიან კარგად ვხედავთ მეორე მხარეს რა დგას, რა არის და რა განსხვავებაა ჩვენსა და მათ შორის. ასე რომ, ყველას წარმატება მინდა ვუსურვო, „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ყველა რეგიონში, ქალაქში, მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნები იმართება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში, საარჩვნო უბნებთან ” ქართული ოცნების ” წარმომადგენლები არიან მობილიზებული
შემდეგი სტატიაგახარია – დღეის მონაცემებით, კოალიცია არავისთან გვექნება