კალაძე – დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა წელს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა მიმდინარე წელს დაიწყება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული პროგრამისთვის წელს, მერიის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ავარიულ შენობა-ნაგებობებს რაც შეეხება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროგრამაა, რაც ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო. წელს უკვე ვიწყებთ ამ პროგრამის განხორციელებას, რითაც ადამიანებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ისეთი შენობა-ნაგებობები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია და საფრთხეს წარმოადგენს ჩანაცვლდეს მუნიციპალიტეტის მონაწილეობით. წელს გვექნება კონკრეტული პროექტები, რომლის განხორციელებასაც დავიწყებთ. ჯერჯერობით მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან უნდა იყოს კონკრეტულ ობიექტზე მცხოვრები ყველა ადამიანის თანხმობა და ა.შ. 10 ათასამდე ასეთი შენობაა თბილისში, რომელსაც სხვადასხვა ავარიულობის ხარისხი აქვს. წელს 20 მილიონია გამოყოფილი პროექტის დასაწყებად და ვფიქრობთ, საკმაო რაოდენობით მოხდება ჩანაცვლება. ცოტა მოგვიანებით უფრო კონკრეტულად მოგაწვდით ინფორმაციას, თუ რა მისამართებზე განხორციელდება პროექტი“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირა დროს სააკაშვილია და მისი დაზარალებულად ცნობა? – ზარქუა
შემდეგი სტატიაწალენჯიხამ 14 ხმით საკრებულოს თავმჯდომარე აირჩია