კალაძე და ქუმსიშვილი პრემიერობისთვის იბრძვიან

ხელისუფლების კულუარებში გუნდში არსებულ მორიგ დაპირისპირებაზე ალაპარაკდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ერთმანეთს 2 ვიცეპრემიერი, კახა კალაძე და დიმიტრი ქუმსიშვილი, დაუპირისპირდნენ.

როგორც “ახალ თაობას” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ განუცხადა, სახელმწიფო კანცელარიაში კალაძის შევიწროებაც კი დაიწყო. მისივე განმარტებით, ეს ბიძინა ივანიშვილის ნებართვის გარეშე არ მოხდებოდა.

სახელისუფლებო კულუარებში ამბობენ, რომ ქუმსიშვილი და კალაძე აქამდეც ვერ ეწყობოდნენ ერთმანეთს. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ქუმსიშვილი პირველ ვიცეპრემიერად დაინიშნა. მანამდე ოფიციალურად ეს პოსტი არ არსებობდა და კალაძე პირველ-ვიცეპრემიერობდა.

ეს დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ ოდნავ შენელდა. მაშინ ითქვა, რომ ენერგეტიკის მინისტრი თბილისის მერის თანამდებობაზე დასახელდებოდა. კალაძე ხშირად დადიოდა საკრებულოში და დეპუტატებს ეცნობოდა. ის მომავალი საკრებულოს წევრების შერჩევაზეც კი იყო გადასული.

რამდენიმე კვირის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მას მერობის პოსტზე უარი ეთქვა. დავით ნარმანიამ საკრებულოში სტუმრობისას თავად განაცხადა, მე ვიქნები თბილისის მერობის კანდიდატიო.

სავარაუდოდ, ასეც იქნება. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ნარმანია იმდენს დარბის, მერის პოსტზე ყოფნისას ერთად რომ არ ურბენია.

რადგან კალაძეს მერობაზე უარი უთხრეს, მას, ბუნებრივია, პრემიერობის სურვილი გაუჩნდა. გიორგი კვირიკაშვილის წასვლას ხომ მთელი “ქართული ოცნება” ელოდება.

მის გარდა, ეს პრეტენზია ბღუჯად წოდებულ ქუმსიშვილსაც გაუჩნდა, რომელსაც, როგორც ამბობენ, ამერიკიდანაც აქვს მხარდაჭერა. ის ახლახან იყო შეერთებულ შტატებში და სერიოზული შეხვედრები გამართა.

რამდენად უკავშირდება ამერიკული ვოიაჟი მის შესაძლო გაპრემიერებას, ეს ძნელი სათქმელია. “ოცნებაში” კი ამბობენ, რომ მას და კალაძეს შორის სერიოზული დაპირისპირებაა.

“ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ “ახალ თაობას” ისიც უთხრა, რომ კალაძის ჩასაძირად, შესაძლოა, გაზპრომთან გაფორმებული ხელშეკრულება გამოიყენონ.

ამ ხელშეკრულებას გრიფით საიდუმლო ადევს, მაგრამ ახლო მომავალში ის, შესაძლოა, რომელიმე მედიასაშუალებაში გამოქვეყნდეს.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ხელშეკრულება საქართველოსთვის ძალიან ცუდია და მას დიდი სკანდალი მოჰყვება. საეჭვოა, კალაძეს ასეთ დოკუმენტზე მხოლოდ თავისი ნებით მოეწერა ხელი. ის აუცილებლად იქნებოდა შეთანხმებული.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილსაც “ოცნების” კულუარებიდან აუგორეს შვილთან დაკავშირებული სკანდალი, რომლითაც შემდეგ ნაციონალურმა მოძრაობამ მოაწყო პოლიტიკური წიოკი.

არ არის გამორიცხული, გაზპრომთან გაფორმებული შეთანხმება ნაციონალების ხელში აღმოჩნდეს. კალაძის უწყებაში დღემდე ბევრი ნაციონალია და მათ საკმაოდ მაღალი პოსტები უკავიათ.

წყარო: გაზეთი “ახალი თაობა”

banner
წინა სტატიაშიმაღალჩინოსანი, რომელიც შემოსავალს ფულის გასესხებით იღებს
შემდეგი სტატია„ბარს მოკიდონ ხელი და ჩვენი ქალაქი გაამწვანონ“ – დავით ნარმანია ოპოზიციას სიცრუეში ადანაშაულებს