კალაძე: ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი

ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კარგად იცის, რა გამოწვევები არსებობს დედაქალაქში და პირობას აძლევს თბილისელებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალაქში მასშტაბური პროექტები განხორციელდება.

„პირველ რიგში, მინდა, მადლობით დავიწყო და მადლიერების სიტყვები გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მხარდამჭერებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო ამ საარჩევნო კამპანიაში, მეხმარებოდა, გვერდით მედგა და ყველაფერს აკეთებდა, რათა წარმატებით დაგვესრულებინა ჩვენი საარჩევნო კამპანია. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ეს ყველაფერი და ძალიან კარგად მაქვს გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს მეორე ვადით იყო დედაქალაქის მერი. ძალიან კარგად ვიცი, არსებული გამოწვევები, პრობლემები, თუ რა აწუხებს თბილისს და რა არის ის ძირითადი საჭიროებები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში უნდა გამოსწორდეს. სიტყვას ვაძლევ თბილისელებს, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ ქალაქში განხორციელდება მასშტაბური პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვა-სოციალურ მიმართულებას და ის, რაზეც არჩევნების წინ, მთელი ამ კამპანიის განმავლობაში ვსაუბრობდი, ყველა პროექტი უკლებლივ იქნება განხორციელებული.

დღეს ამ ქალაქს, რაც ყველაზე მეტად სჭირდება, არის აღმშენებლობა, განვითარება, სიმშვიდე და სტაბილურობა. ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც ამ ყველაფერს მოვახერხებთ, ამ ყველაფერს გააკეთებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებთ ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის. ადამიანურ სიტყვას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 24-საათიან რეჟიმში ღირსეულად ვემსახურო თბილისს და თბილისელებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

წინა სტატიაშისაია – არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია, ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას
შემდეგი სტატიახაზარაძე – ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, რომ ხმები იქნას გაყალბებული