კალაძე – ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ, ან არ მიჭერენ, ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი,

კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე და ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა და პროექტი, განვახორციელო ის გეგმები, რაც ასე სჭირდება თბილისს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მოსახლეობისადმი მიმართვაში განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, თავად ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც საუბრობდა მხოლოდ თბილისსა და მის საჭიროებებზე.

„არ მომბეზრდება გავიმეორო, თუ რამხელა პატივია, როდესაც თბილისელები ამ ულამაზეს ქალაქზე ზრუნვის საქმეს განდობენ.

ეს ქალაქი ზუსტად ასახავს ჩვენი ერის ხასიათს – მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისა და განვითარებისაკენ, მის მრავალფეროვნებასა და შემწყნარებლობას.

თბილისი ნათელი ქალაქია, ღია და გულწრფელი ურთიერთობების ქალაქი. მახსოვს ჩემი ბავშვობის თბილისი, უკიდურესი გაჭირვების დროსაც კი, ამ ქალაქს არასოდეს დაუკარგავს საოცარი სითბო, რომელსაც თბილისელები ერთმანეთს უზიარებდნენ.

კარგად მესმის, რამხელა პატივი და კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, მეორე ვადით განვაგრძო დაწყებული საქმე და ბოლომდე მივიყვანო ყველა რეფორმა და პროექტი, განვახორციელო ის გეგმები, რაც ასე სჭირდება თბილისს.

მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ვიყავი ერთადერთი კანდიდატი, რომელიც საუბრობდა მხოლოდ თბილისზე, მის საჭიროებებზე, თბილისის განვითარების პერსპექტივებზე, რისი გაკეთება შევძელი ჩემს გუნდთან ერთად და რას ვაპირებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

თუმცა, მეგობრებო, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ყველას, რომ 30 ოქტომბერს ჩვენ არა მხოლოდ თბილისის მერს, არამედ იმ ფასეულობებს ვირჩევთ, რაზეც მუდამ იდგა თბილისი – ეს არის ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა.

სწორედ ამ ფასეულობების დასაცავად, 2012 წლის პირველ ოქტომბერს და ახლაც, 2021 წლის 2 ოქტომბერს თბილისმა, მთელ საქართველოსთან ერთად, აჩვენა ყველას, რომ არ დაუშვებს ბოროტებისა და ძალადობის ყოფნას და დაბრუნებას ამ ქვეყნისა და ქალაქის სათავეში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოროტების, სიძულვილისა და სიცრუის დამარცხებით, საბოლოოდ უნდა დასრულდეს საზოგადოების დაყოფა, რომელიც თბილისისთვის ორგანულად უცხოა.

„ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, სადაც მხარს მიჭერენ ან არ მიჭერენ. ჩემთვის არსებობს ერთი თბილისი, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავალამაზოთ, გავხადოთ საცხოვრებლად უფრო კომფორტული და უსაფრთხო, გავხადოთ უფრო მწვანე და ჯანსაღი, ისეთი, რომლითაც ყველა თაობის ადამიანი ისარგებლებს და იამაყებს, სადაც ყველა სიკეთეს თითოეული ადამიანი საკუთარ უბანში, საკუთარ თავზე იგრძნობს.

ამ ყველაფერს კი, სჭირდება სამართლიანობა და მშვიდობა, რაც 30 ოქტომბერს თბილისმა და თბილისელებმა კიდევ ერთხელ უნდა აირჩიონ. თბილისელების კეთილდღეობას სჭირდება ეკონომიკის სწრაფი განვითარება, ადამიანების დასაქმება, რაც შეუძლებელია მშვიდობისა და სტაბილურობის გარეშე. მომდევნო წლების მანძილზე, ხალხის მიერ ჩვენთვის მონიჭებულ მანდატს და სტაბილურ პოლიტიკურ გარემოს მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ უზრუნველვყოთ თბილისელების მეტი კეთილდღეობა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობების შეთავაზება.

მჯერა, 30 ოქტომბერს თბილისელები კიდევ ერთხელ აჩვენებენ ყველას, რომ თბილისი დგას სწორი ღირებულებების მხარეს, რომ თბილისი საბოლოოდ ეუბნება უარს ბოროტებას, სიძულვილს, სიცრუესა და ქაოსს და ირჩევს ღირსებას, თავისუფლებას, მშვიდობასა და განვითარებას.

30 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ ჩვენი შვილების ბედნიერ, უსაფრთხო გარემოს, მათი უფლებების ხელშეუხებლობას. 30 ოქტომბერს ჩვენ ვირჩევთ მომავალს. იყავი პასუხისმგებელი არა მხოლოდ საკუთარ, სხვების მომავალზეც, შენი ქალაქის მომავალზე. მოდი არჩევნებზე, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“, – ნათქვამია კახა კალაძის მიმართვაში.

banner
წინა სტატიაშიუდუმაშვილი: მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით და ხალხის ხმებს დავიცავთ
შემდეგი სტატიასამეგრელოს პოლიციამ ფოთში ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა