თბილისის მერს საქართველოს მეზუთე პრეზიდენტზე საუბარი არ სურს – “საერთოდ არ მაინტერესებს და არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი”- ასე უპასუხა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას.
სალომე ზურაბიშვილმა გუშინ Facebook Live-ს დროს, “ქართული ოცნების” დამარცხების გზებზე ისაუბრა და თქვა, რომ თავისუფალი არჩევნების მოსაპოვებლად ოპოზიციისა და საზოგადოების კონსოლიდაციაა საჭირო.
კალაძემ დღეს ოპოზიციის აქტიური ნაწილი “აგენტებად და მორალატეებად” მოიხსენია.
“ოცნების” ლიდერი ოპოზიიცის აკრძალვასაც გამოეხმაურა – კითხვაზე, ხომ არ იშორებს კონკურენტებს ამ გზით მმართველი ძალა, კალაძე აღნიშნავს, რომ “ოცნებას კონკურენტი არ ჰყავს”.
კონკურენტი არის ის გამოწვევევბი და პრობლემები, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მომავალშიც იმას, რომ ეს გამოწვევები, რომელიც არსებობს დღეს, გაეცეს პასუხი.
ქვეყანაში ბევრი პარტიაა, შეგიძლიათ ჩამოთვალოთ და ნახოთ, რამდენი პოლიტიკური პარტიაა ქვეყანაში, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს დღეს შეუძლია დააფუძნოს პოლიტიკური პარტია, მოვიდეს პოლიტიკაში, მაგრამ აქ მთავარი რა არის – საქართველოში პოლიტიკა გარედან არ და ვერ გაკეთდება, გამორიცხულია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ. ყველა ნორმალური სახელმწიფო, ნორმალური ხელისუფლება, რა თქმა უნდა გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, იზრუნებს იმაზე, რომ თავიანთ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ვერავინ ჩაერიოს – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნება” პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელს მე-4 პარტიასაც – “ფედერალისტებს” ამატებს.
შალვა პაპუაშვილის მიერ 20 აპრილს გაკეთებული განცხადების თანახმად, პარტია საკონსტიტუციო სასამართლოდან ძველ სარჩელს გამოითხოვს და შეიტანს ახალს, დაკორექტირებულ ვარიანტს, რომლითაც უკვე 4 პოლიტიკური გაერთიანების აკრძალვას მოითხოვს:
„ლელო“
ენმ
„კოალიცია ცვლილებებისთვის“
„ფედერალისტები“
“ოცნებაში” ამბობენ, რომ სარჩელში „ფედერალისტების“ დამატების საფუძველი არის ის, რომ ეს პარტია შეუერთდა ოპოზიციის ალიანსს და გაიზიარა მათი საერთო მიზნები „დემოკრატიის წინააღმდეგ“.















