კალაძე: ამაზრზენი იყო თუ როგორი ბედნიერები იყვნენ [ნაციონალები] დეკლარაციის ჩაგდებით

თბილისის მერი კახი კალაძე და მმართველი გუნდის წევრი ირაკლი კობახიძე მიუნხენიდან ფეისბუკ-ლაივით ჩაერთვნენ და ევროპარლამენტარებთან მათ შეხვედრებზე ისაუბრეს. თბილისის მერის განცხადებით, შეხვედრებმა კარგად და ნაყოფიერად ჩაიარა.

მისი განცხადებით, ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ ინიციატივას ძალიან კარგი შეფასებები მოყვა და ევროპარლამენტარებმა მზაობა გამოთქვეს, ჩამოვიდნენ საქართველოში და გაეცნონ გიგი უგულავას საქმეს.

„შეხვედრები რომლებიც გაიმართა მიმართული იყო იქითკენ, რომ მიგვეწოდებინა ინფორმაცია ევროპარლამენტის ფრაქციის წარმომადგენლობისთვის, კომიტეტის წევრებისთვის, რადგან ხშირად ჩვენ ვისმენდით არასწორ ინფორმაციებს, რომელიც ძირითადად ნაციონალური მოძრაობის ფეიკ-ნიუსებზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, შეხვედრებმა ძალიან კარგად ჩაიარა. იყო კითხვები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით, გუშინ ჩვენი ინიციატივა შეფასდა ძალიან მაგრად. ჩვენ კი ვუხსნიდით ევროპარლამენტარებს უგულავას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, რომ საქმე ეხებოდა 50 მილიონის ქურდობას, რისი მტკიცებულებაც არსებობს. ჩვენი ინიციატივა იყო შეიქმნას ევროპარლამენტარებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელსაც შეეძლებათ ჩამოვიდეს ქვეყანაში და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია უგულავას საქმესთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენს ინიციატივას ძალიან კარგი შეფასება მოყვა. ბევრმა დეპუტატმა მოიწონა ეს ინიციატივა.

ძალიან ამაზრზენი იყო ის თუ როგორი ბედნიერები იყვნენ დეკლარაციის ჩაგდებით. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები და გულდასაწყვეტია, რომ ქვეყანაში არიან პარტიები, რომლებიც მოხარულები არიან, რომ რაღაცა არ გაკეთდეს. გახსოვთ მაშინაც როგორ დარბოდნენ, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ მიეღო. შეეცდებოდნენ, რომ ქართული ოცნების მარცხად გამოეცხადებინათ ეს და იგივე მცდელობა იყო ახლაც. არაუშავს, ეს საინტერესოა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს და არჩევნები მაგიტომ არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების კომიტეტის არსებობის ისტორიაში პირველად, დეკლარაცია ჩავარდა. ერთობლივი დოკუმენტით საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება ფასდებოდა. იმის გამო, რომ ევროპარლამენტმა დეკლარაციაში კრიტიკული შესწორებები შეიტანა, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ დოკუმენტი ჩააგდო. შესწორებები კი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგი უგულავას დაკავებას, მედიამენეჯერებზე, მათ შორის „ფორმულას“ დირექტორზე ზეწოლის მიუღებლობასა და საპარლამენტო არჩევნებისთვის სამართლიანი სისტემის შემუშავებას ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა