კალა კალაძე – ჩემ მიმართ გახარიას გუშინდელი განცხადება ბევრმა გაიკვირვა, რადგან სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართულებით თავდასხმებს

სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართულებით თავდასხმებს. ჩემთან მიმართებით გახარიას გუშინდელი განცხადება ბევრმა გაიკვირვა, რადგან ერთგვარი პრაქტიკაა, თუ ოპონენტია, მას აუცილებლად უნდა გადაუარო, რაც არ უნდა კარგი ჰქოდნეს გაკეთებული, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

აღნიშნული განცხადებით კალაძემ უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას: „გუშინ გახარიამ გარკვეული თვალსაზრისით პოზიტიურ ჭრილში გახსენათ, რომ ხართ კარგი მერი და იქნებით ძალიან კარგი ოპონენტი, რამდენად შეიძლება, ის ან მისი პარტია არ იყოს თქვენი პარტიის ოპონენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისში“.

„ჩვენ, სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ ოპონენტების მხრიდან ერთმანეთის მიმართულებით თავდასხმებს. ადამიანმა, კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიამ რაც არ უნდა კარგი რაღაც გააკეთოს, ჩვენთან ერთგვარი პრაქტიკაა და მიღებულია, რომ აუცილებლად თავს უნდა დაესხა, გაილანძღოს, აუცილებლად უნდა მოუგონონ ტყუილები, ჭორები, ათასი სიბინძურე, ეს ერთგვარი მიღებული პრაქტიკაა და ძალიან მებინძურება ეს ყველაფერი. იგივე თუნდაც გახარიას გუშინდელი განცხადება ჩემთან მიმართებით ბევრმა გაიკვირვა, რადგან ეს არ არის ერთგვარი პრაქტიკა, ვინაიდან თუ ოპონენტია, აუცილებლად მას უნდა გადაუარო, რაც არ უნდა კარგი ჰქონდეს გაკეთებული, შეურაცხყოფა მიაყენო და ა.შ. მე ზოგადად გამიხარდება, რაც უფრო ბევრი ახალი სახე შემოვა პოლიტიკაში. არ არსებობს ნორმალური პოლემიკა პარტიებს შორის, არ არსებობს დებატები, დებატების დროს ხან ჭიქებს ესვრიან ერთმანეთს, ხან დედას აგინებენ და ხდება მთელი უბედურება, ეს ძალიან ცუდია, ამას საზოგადოება, ჩვენი შვილები უყურებენ. ყველას აქვს განცდა, რომ პოლიტიკა არის ძალიან დიდი სიბინძურე და იქ პატიოსანი, სუფთა ადამიანი არ უნდა იყოს. ეს აღქმა უნდა შევცვალოთ. ჩვენ, ახალგაზრდებმა უნდა მოვახერხოთ, რომ ეს აღქმა შევცვალოთ, არ იყოს ეს დამოკიდებულება პოლიტიკაში“, – განაცხადა კალაძემ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიძალადობა, ოთახში ჩაკეტვა, ვახშმის ან სადილის აკრძალვა… | უჩა ნანუაშვილი ნინოწმინდის პანსიონში არსებულ დასჯის ფორმებზე
შემდეგი სტატიახაზარაძე: ქვეყანაში გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი