კახიშვილის წინააღმდეგ აგორებულმა შავმა პიარმა ფიასკო განიცადა

ყველაფერი დაიწყო 10 ივლისს, ანონსით: „როგორც ყოველთვის, წარმოგიდგენთ ხელშეკრულებებს, ამონაწერებს და სხვა ოფიციალურ დოკუმენტაციებს. ერთად “შევაჩეროთ კორუფცია” !!! მოწვეულია ტელევიზიები, პრესა, ინტერნეტ საინფ. სააგენტოები!!!“.

შემდეგ იყო მოწოდება: „ნებისმიერი ადეკვატური მთავრობა, სიამოვნებით ითანამშრომლებდა ჩვენს მოძრაობასთან. ჩვენ ვეხმარებით ხელისუფლებას კორუფციის გამოვლენაში, მაგრამ თვითონაა ჩაფლული კორუფციაში, გარდა 3-4 წესიერი მინისტრისა თუ პარლამენტის წევრის გარდა!!! რეაგირება არ ჩანს!!!“

შემდეგ იყო მიმართვა: „ბატონო მინისტრო!!! თქვენ მართავთ ფინანსებს თქვენს სამინისტროში?  მთელი სამინისტრო კორუფციის ბუდედ იქცა!!! თუ არ იცით, გაწვდით ინფირმაციებს!!! თუ იცით და არ რეაგირებთ, თქვენ თვითონ ხართ ჩაფლული კორუფციაში!!!“

შემდეგ: „ჩვენ უკვე საზოგადოებას ვამცნეთ იმ სამარცხვინო გადაწყვეტილების შესახებ, რომელსაც პატიმრების კვებაზე „გრიფით საიდუმლოს“ დადება წარმოადგენს. უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი სამარცხვინო ქმედება გამოწვეულია მხოლოდ ერთი მიზეზით: დამალონ ხელშეკრულებები, დახურონ შერჩევის პროცესი და გაუმჭვირვალე გახადონ შესყიდვები. ბოლო ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, კვებით უზრუველყოფას ასრულებს შპს „ნილი“, რომლის ამონაწერსაც გთავაზობთ აქვე და რომლის დამფუძნებლებმაც 120 ათასი ლარი გადაურიცხეს „ქართულ ოცნებას“ არჩევნების წინ. აგრეთვე, უკონკურსოდ დაიდო ხელშეკრულება – ცალკე პატიმრების პურით უზრუნველყოფაზე და ამ მომსახურეობას ახორციელებს შ.პ.ს. „ბეიქერი“, რომლის ამონაწერსაც გთავაზობთ აქვე.  როგორც ხედავთ, ეს ერთი და იმავე პირთა ინტერესებია და მათ შორის კავშირიც ნათელია. ისე არიან დარწმუნებული დაუსჯელობაში და ისე აშკარად აკეთებენ ამას, რომ დარწმუნებული არიან თავიანთ მფარველებში და არც შეწუხდნენ, რომ სხვა გვარებით მაინც დაეფუძნებინათ ეს კომპანია.
ეს კომპანია ახალშექმნილი იყო, როდესაც პირველი ხელშეკრულება გააფორმა და მას შემდეგ ჯამურად 1 500 000 ლარის კონტრაქტები მიიღო. როგორ შეირჩა ეს ახალგახსნილი კომპანია?  ეს არის მანიპულაციის, ფულის გაფლანგვისა და კორუფციის ცუდად დადგმული „სპექტაკლი“  შ.პ.ს. „ბეიკერი“ დააარსეს შ.პ.ს. „ნილის“ დამფუძნებლებთან დაახლოებულმა ახლო ნათესავებმა. ეს არის წინასწარი გარიგება , რაც იწვევს საბიუჯეტო სახსრების ფლანგვას. ზუსტად იგივე სქემა მუშაობს პატიმრების ზეწრებით და ბალიშებით უზრუნველყოფაზე.
ეს ხომ მაინც შეიძლება აკონტროლო საწყობში, თუ „სააკაშვილის რეჟიმი“ დაბრუნდა და ერთ დღეში გაავსეთ ციხეები? თქვენ კი გინდათ, რომ უნიათოები გიწოდოთ, როგორი იმიჯიც შეიქმენით წლების განმავლობაში, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. შესანიშნავად ახერეხებთ ამ სამარცხვინო იარლიყის სათქვენოდ გამოყენებას და ამის მიღმა სათქვენო საქმის კეთებას“.

საკმაოდ შთამბეჭდავია, საინტერესოც და სკანდალურიც. დაკონკრეტების გარეშეც ცხადია, საუბარია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში არსებულ კორუფციაზე. ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაცია „შეაჩერე კორუფციის“ დამფუძნებელი გიორგი ბაჯელიძემ გაავრცელა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ბრალდებებს იმავე დღეს გამოეხმაურა და განაცხადა: „ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურესები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც მუშაობდა შესყიდვებში და კონვერტებით უგზავნიდა წინადადებებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე იყო წინადადებები გამოქვეყნებული კონკურესთან დაკავშირებით. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება… კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია… კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ორგანზიაციას „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს. აღნიშნულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა, ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში. სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება, თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი… მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანა აუცილებლად დასრულდება გიორგი ბეაჯელიძის სასამართლოში გამოცხადებით. ჩვენ ხვალ ვგეგმავთ, რომ სარჩელი შევიტანოთ მისი და მისი ორგანიზაციის წინააღმდეგ. ვინაიდან გაკეთდა განცხადება კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით, მივმართავ პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება ამ ფაქტზე, გამოიძახონ ბატონი ბაჯელიძე მოწმის სახით, გააფრთხილონ ცრუ დასმენაზე პასუხისმგებლობის შესახებ და თუ მისი განცხადებები არ დასრულდება ბრალის დადასტურებით, მაშინ მას მოუწევს ბრალის აღიარება. სხვათა შორის, სანქცია არის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და იმედს ვიტოვებ, რომ ზოგიერთი ამის შემდეგ გამოსწორდება“.

კახიშვილის განცხადებას თავის მხრივ გამოეხმაურა გიორგი ბაჯელიძე და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა: „ბ-ნ კახიშვილს გაუვრცელებია ინფორმაცია!!! მან საბოლოოდ დაკარგა სახე!!! ხვალვე პუნქტობრივად გავცემთ პასუხს!!!“ პარალელურად ბატონმა ბაჯელიძემ გამოაქვეყნა განცხადება, გთავაზობთ ამონარიდს: „ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ არ ვესხმით თავს ბატონ მინისტრს პიროვნულად… ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ კორუფციაზე, რომლის ნიშნებიც დავინახეთ მის უწყებაში. ეს ასეა და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ სიტყვის უკან წაღებას… თუ ბატონი მინისტრი აპირებს სარჩელის შეტანას, ჩვენ მზად ვართ პასუხისთვის. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთი გარემოება: დროა, გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სისტემა და პიროვნება. ჩვენი მამხილებელი მასალა მიმართულია უწყების და არა მინისტრის წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ მინისტრი კახიშვილი არ არის ვალდებული, ზუსტ მონაცემებს ფლობდეს შესყიდვებზე“.

11 ივლისს დაპირისპირება გაგრძელდა და მიუხედავად დაპირებული პუნქტობრივად გაცემული პასუხებისა მივიღეთ რაღაც სხვა:

ბაჯელიძემ პრესკონფერენციაზე ვერ წარმოდგინა დოკუმენტაცია შპს „ნილის“ შესახებ და განაცხადა თუ „ნილი“ არაა, მაშინ სამინისტრომ დაგვისახელოს ის ფირმა, რომელიც პატიმრების გამოკვებაზე ზრუნავსო. ბაჯელიძის შემდეგი განცხადება უფრო საინტერესო გამოდგა: „ჩვენ მივესალმებით ბატონი კახის დაინტერესებას, რომ გამოგვეხმაურა. მისი მხრიდან ჩვენ დავინახეთ ეს დაინტერესება და დილას მას ამისთვის მადლობა გადავუხადე. გუშინდელი ჩანაწერი კიდევ ერთხელ შეგიძლიათ ნახოთ, პირადად ჩემთვის, წარმოუდგენელია ბატონი კახის პიროვნებიდან გამომდინარე, პირადულად ჩართული იყოს აი იმ სქემებში და შესყიდვებში, რომელიც არცთუ ისე ძნელი გასაგებია საზოგადოებისთვის, მაგრამ მინისტრი, როგორც წესი, არ არის ვალდებული, იცოდეს, როგორც შესყიდვები, ისე ფინანსები და ჩახედული იყოს, მას ჰყავს ამისთვის მოადგილე, რომელიც კურირებს ამას, ჰყავს შესყიდვების დეპარტამენტი თუ განყოფილება და ა.შ. შესაბამისად, ჩვენ ვთავაზობთ ბატონ კახიშვილს: ბატონო კახი, ჩვენ მზად ვართ, თუ თქვენი სურვილიც იქნება „გავშალოთ კარტი“, გადავაწყოთ ყველა დოკუმენტი, დავდოთ მაგიდაზე. პირადად თქვენთან ერთად, გავივლით ჩვენ ამ დოკუმენტებს და მიგანიშნებთ იმ კორუფციის მაღალი რისკის ხელშეკრულებებზე, რომელიც ჩვენ დავინახეთ“.

10 და 11 ივლისს გაკეთებულ განცხადებებს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. 10-ში ბაჯელიძე აცხადებდა რომ მინისტრი (შესაბამისად სამინისტროს მთლიანი შემადგენლობა) კორუფციის ჭაობში იყო ჩაფლული, 11-ში კორუფციის წინააღმდეგ  „ზოგადსაკაცობრიო ბრძოლა“ ბაჯელიძემ პიროვნულ თემამდე დაიყვანა და განაცხადა რომ მინისტრთან არაა აქვს პრეტენზია. ადამიანი, რომელიც 2014 წლამდე, საკმაოდ მძიმე ბრალდებით ( გიორგი ბაჯელიძეს 2 000-ლარიანი თანხის ქრთამად აღებას და საიდუმლო ტენდერის პირობების გასაჯაროებას ედავებოდნენ, ის სასჯელის მისჯიდან რამდენიმე თვეში პრეზიდენტმა შეიწყალა), ვიდრე დააკავებდნენ, მუშაობდა შსს-ს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსად და წესით, კი უნდა ხვდებოდეს, რომ სამინისტრო მინისტრისა და თანამშრომლების გარეშე, ცარიელი შენობაა. თუ კორუფცია ბუდობს სამინისტროში, მინისტრს მინუს ყველა, ან ყველას მინუს მინისტრი, ასეთი პრინციპი არ მოქმედებს!
მოკლედ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ სარჩელი ბაჯელიძის წინააღმდეგ უკვე შეიტანა, ვნახოთ ბაჯელიძე სასამართლოში მაინც თუ წარადგენს დოკუმენტაციას.

 

 

banner
წინა სტატიაშიჯგალის, საჩინოს, ლიის და სამიქაოს უბნის მოსახლეობა, აგვისტოდან ახალი წყალმომარაგების ქსელით ისარგებლებს
შემდეგი სტატიაპარტია, რომელიც არჩევნებზე რეალურად გამოვა ივანიშვილი-კალაძის კრიმინალური რეჟიმის წინააღმდეგ, არის ჩვენი მოკავშირე