მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას-კახიძე სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართავს.
დეპუტატი სოციალურ ქსელში სააკაშვილის გაეროს ასამბლეაზე წარმოთქმულ მიმართვას აზიარებს და ამბობს, რომ “ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რომელიც ამ ტრიბუნიდან თქმულა”.

ვრცელი სტატუსის ბოლოს ენმ-ს ახალი სახე სააკაშვილს ურჩევს ურჩევს, თავად დაასახელოს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის კანდიდატურა და წერტილი დაუსვას პარტიაში მიმდინარე გაუგებარ დაპირისპირებას.

“სიტყვა ეკუთვნის ადამიანს, ვინც უპერსპექტივო, ჩამოშლილი, კრიმინალებისა და კორუმპირებული ჩინოვნიკების მიერ გამოხრული ქვეყანა ჩაიბარა და 9 წელიწადში გარდაქმნა თანამედროვე, ფუნქციონალურ სახელმწიფოდ.

სრულიად წარმოუდგენელი მიღწევები დადო. მაშინდელი გადმოსახედიდან ხომ სიგიჟე იყო ასეთი პროგრესი და დღესაც დავრწმუნდით, თურმე რამხელა ძალისხმევა სჭირდება მათ შენარჩუნებას.

ჩვენი სახელმწიფოს სირცხვილია, რომ მას ქვეყნის დატოვება მოუწია პოლიტიკური დევნის გამო. საქართველოდან წასულმა კიევის მაიდანში მიიღო მონაწილეობა, იქაურ პოლიტიკაში აქტიურად ჩაება და დღეს უკრაინელი ხალხის მთავარი იმედია კორუფციისა და ოლიგარქიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ივანიშვილის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ჯერ ევროპარლამენტში, ხოლო შემდეგ აშშ სენატში პატივით უმასპინძლეს. ინტერპოლმა ოფიციალური წერილით შეარცხვინა ივანიშვილის პროკურატურა, როცა უარი უთხრა მის ძებნილად გამოცხადებაზე.

მართლა ღიმილის მომგვრელია, როცა ამ მასშტაბის პოლიტიკოსზე ამბობენ, რომ ნაცმოძრაობის თავმჯდომარის ვაკანტური, ცარიელი სკამის შენახვაზე ყოფილა დამოკიდებული მისი ავტორიტეტი და ლიდერობა.

საწყენია, როცა უპერსპექტივო პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, რომ მას ტვინი აუმღვრიონ და თანამებრძოლების, საბოლოო ჯამში კი საკუთარი თავის წინააღმდეგ მიმართონ მისი ენერგია და რესურსი.

დარწმუნებული ვარ, რომ არ შეიძლება ამ დონის პოლიტიკოსი დაკავებული იყოს წვრილმანი პარტიული კინკლაობით, ჩართული იყოს გაურკვეველ ინტრიგებსა და უმიზნო დაპირისპირებაში, რომელიც ნამდვილად არ მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე.

ბატონო პრეზიდენტო, ნუ დაეყრდნობით მათ, ვინც თქვენ ყველა მოსაზრებას უპირობოდ დაეთანხმება. პირიქით, მხარი დაუჭირეთ და თქვენი ავტორიტეტით გააძლიერეთ სწორედ ისინი, ვინც არ გერიდებათ, გეკამათებათ და იდეების კრიტიკულ ფილტრში გატარების შემდეგ მიდიან საერთო გადაწყვეტილებამდე.

მე რომ თქვენს ადგილას ვიყო, წერტილს დავუსვამდი თქვენივე დაფუძნებულ პარტიაში მიმდინარე ამ გაუგებარ დაპირისპირებას, თავად დავასახელებდი თავმჯდომარის კანდიდატურას, გავუწვდიდი შერიგების ხელს თანამებრძოლებს და საკუთარ რესურსს საერთო წარმატებას მოვახმარდი.

ასე მოიქცეოდა ისეთი ლიდერი, როგორიც არის მიშა ჩემს წარმოდგენაში.

დაბადების დღეს გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო!

გისურვებთ ჯანმრთელობას, სიმტკიცესა და წარმატებას”-წერს კახიძე.

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილის საკანში დაბრუნება, მდგომარეობას უფრო გააუარესებს – ადვოკატი
შემდეგი სტატია„ბარტყები ვისგანაც გამოვჩეკე, იმ კაცის დაბადების დღეა” – ფანჯიკიძე ალასანიას დაბადების დღეს ულოცავს