კახი კალაძე: ვაჩუქოთ ერთი დღე ჩვენ შვილებს, ჩვენ ჯანმრთელობას, მომავალ თაობებს, ეკოლოგიურ მდგომარეობას

ეს ინიციატივა, გარკვეული დროით ავტომობილებით მოძრაობა აიკრძალოს, გამოვთქვით იმისთვის, რომ საზოგადოება ჩაერთოს მსჯელობაში და გამოთქვან მათი მოსაზრებები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ინიციატივა დასახვეწია, ადამიანებმა თავად უნდა განსაზღვრონ, თვეში ერთი დღე იყოს ავტომობილების გარეშე, თუ ორი დღე.

„ვაჩუქოთ ერთი დღე ჩვენ შვილებს, ჩვენ ჯანმრთელობას, მომავალ თაობებს, ეკოლოგიურ მდგომარეობას. კვირაში ერთი დღე იყოს ავტომობილების გარეშე, თუ – ორი, ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია. საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამ დისკუსიაში და თავად განსაზღვროს, როგორ გაკეთდეს ეს ყველაფერი. ჩვენ მივცემთ ამის შესაძლებლობას და შექმნით შესაბამის პლატფორმას, რომ ამ საგანზე შედგეს მსჯელობა, რადგან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ საკითხს. ჰყავს დიდი რაოდენობა მხარდამჭერების და ასევე არიან ადამიანები, ვინც ამ ინიციატივას ეწინაააღმდეგებიან“ – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ეკოლოგიური თვალსაზრისით ჩვენ სერიოზული პრობლემები გვაქვს .

„ამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდშიო ბევრი ადამიანი გრძნობს, როგორ გაიწმინდა დედაქალაქში ჰაერი. ამას შენარჩუნება სჭირდება. 2019 წლის მარტის, ან აპრილის მონაცემებს თუ შევადარებთ მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდს, ვნახავთ რამხელა სხვაობაა, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. ამას ყველაფერს მოფრთხილება სჭირდება და ყველა მიმართულებით მოგვიწევს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. იქნება ეს გამწვანებითი სამუშაოები, მწვანე სივრცეების შექმნა თუ სხვა, ეს ყველაფერი ერთობლიობაში გამოასწორებს არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე: მითითებებს ველოდებით, გვაქვს სრული მზადყოფნა
შემდეგი სტატიაRyanair-ი ფრენებს საქართველოს მიმართულებით ივლისიდან აღადგენს