კახი კალაძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების მიმართ, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის

სრულიად საქართველოს ვულოცავ დღევანდელ დღეს, მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისელების მიმართ, დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ცესკო-ს საბოლოო შედეგები, თუმცა მისი თქმით, არსებული ეგზიტპოლების შედეგებით „ქართული ოცნება“ ლიდერობს.

„მინდა, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. განსაკუთრებით ძალიან დიდი მადლობა და მადლიერება მინდა გამოვხატო თბილისისა და თბილისელების მიმართ. დიდი მადლობა ამ ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის. როგორც ყოველთვის ვამბობდი, მთელი ამ საარჩევნო კამპანიის დროს, ახლაც გავიმეორებ, რომ მზად ვარ 24-საათიან რეჟიმში ვემსახურო ჩემს თანაგუნდელებთან ერთად ამ ქალაქს, მის განვითარებას და აღმშენებლობას.

დღეს ყველაზე მეტად, რაც სჭირდება ქვეყანას, არის მშვიდობა, სიმშვიდე და სტაბილურობა. შესაბამისად, დღევანდელი ჩვენი წარმატება მოგვცემს ამ ყველაფრის შესაძლებლობას, რომ შემდეგი სამი წელი მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, სწრაფი განვითარება, რომ კეთილდღეობა იგრძნოს ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ.

იცით, რომ 2024 წელს არის საპარლამენტო არჩევნები. მანამდე გვაქვს ძალიან დიდი დრო, ყოველდღიური მუშაობისთვის. გამოვყობ ახალგაზრდები, რომლებსაც მინდა, განსაკუთრებით მადლობა გადაგიხადოთ იმ შრომისთვის და საქმიანობისთვის, რაც გააკეთეთ ჩვენი გუნდისთვის და ჩვენი ქალაქისთვის.

კიდევ ერთხელ ძალიან დიდ მადლობას გეტყვით, უნდა დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა არსებული ეგზიტპოლის შედეგებით, ყველგან გამარჯვებულია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისამმა ტელეკომპანიამ საარჩევნო ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაანა ბუჩუკური – ეგზიტპოლები ყველაზე ნაკლებ დამაჯერებელია – ჩვენი მხარდამჭერების მისამართით თვეების განმავლობაში უპრეცენდენტო სისტემური ზეწოლის და დაშინების ფაქტებია და ბუნებრივია თავიანთ არჩევანს არ დააფიქსირებენ