კახი კალაძე: როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი

“როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი,” – თბილისის მერი კახა კალაძე 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას თბილისის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ მომხდარში დამნაშავე მთლიანად საზოგადოებაა. კალაძემ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.

“გუშინ მთელი ღამე ვფიქრობდი, რატომ? რისი გულისთვის? ძალიან მძიმეა ზოგადად, რომ შევხედოთ რა ხდება ირგვლივ. შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს თანაგრძნობა და სიყვარულის უნარი დავკარგეთ. მხოლოდ სიძულვილი და აგრესიაა მოზარდების ირგვლივ, ამას ხედავენ და ამასთან ერთად უწევთ ცხოვრება, რაც ძალიან ცუდია. როცა ბავშვი იღუპება, მე მგონია, რომ ამაში დამნაშავე მთლიანად საზოგადოება ვართ, ჩვენ ყველანი. იმიტომ რომ ოჯახი, სკოლა და ასევე სახელმწიფოც ერთნაირადაა პასუხისმგებელი მომავალ თაობაზე,” – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმითვე, 15 წლის ლუკა სირაძე გარდატეხის ასაკში დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას და არაპროფესიონალიზმს.

“ჩვენი სამძიმარი და გულის ტკივილი ლუკას ვერ დააბრუნებს, უბრალოდ მინდა ყველამ გავიხსენოთ, როგორები ვიყავით ჩვენ 15 წლის ასაკში. ყველას გამოვლილი გვაქვს ეს ასაკი და ალბათ შეგვიძლია გავიხსენოთ თუ რამხელა ენერგია ემოციები დუღდა თითოეულ ჩვენგანში, რამდენად რთულად გვეჩვენებოდა ცხოვრება და თითოეული მოვლენა, რომელიც ჩვენ ირგვლივ იყო, იყო დიდი გამოწვევა და ხშირად, შეიძლება ითქვას, ბრძოლაც კი. ლუკაც ასეთი ბიჭი იყო, გარდატეხის ასაკში, რომელიც რატომღაც დაეჯახა გაუცხოებას, გულგრილობას, არაპროფესიონალიზმს – ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი,” – ამბობს კალაძე.

15 წლის მოზარდი, რომელმაც პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა. ის კორპუსის მე-9 სართულიდან გადახტა და რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

გუშინვე, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს 1-ლი განყოფილების გამომძებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. როგორც სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ თქვა, გამომძიებელი სსსკ-ის კოდექსის 335-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია 15 წლის მოზარდის გარდაცვალებაზე – უმკაცრესად დაისჯება ყველა, რომლის მხრიდანაც რაიმე ტიპის დანაშაულის ჩადენის ფაქტი დადასტურდება
შემდეგი სტატიადავით ზალკალიანი : დარწმუნებული ვარ, მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვას გაეცემა პასუხი