კახი კალაძე: ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა

„ქართული ოცნება“ მსოფლიო პროგრესის პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ რუსთავის მოსახლეობას განუცხადა.

„მახარებს თქვენთან შეხვედრა, იმედით მავსებს ჩვენი ერთად ყოფნა, რადგან ჩვენ ერთად დიდი ძალა ვართ. ჩვენ ერთმანეთი ბრძოლაში უკვე გამოვცადეთ. 2012 წელს ჩვენ, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, ერთად გავათავისუფლეთ ქვეყანა, ერთად აღვიდგინეთ ღირსება, ერთად დავიწყეთ ახალი საქართველოს შენება. 2012-ში ჩვენ ერთად დავანახეთ მსოფლიოს, რომ საქართველო თავისუფალი ადამიანების ქვეყანაა, თავისუფალი ადამიანი კი შემდგარი ქვეყნის უმთავრესი საფუძველია. მაშინ თითოეული ჩვენგანი საქართველოს დაუმარცხებელ ჯარისკაცებად ვიქეცით და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხვას გადავარჩინეთ. ქვემო ქართლია სწორედ ის რეგიონი, რომელშიც ჩვენი ერთიანობა ყველაზე მეტად იგრძნობა. ჩვენი აზერბაიჯანელი ძმები მუდამ ერთგულად გვედგნენ გვერდში. მადლობა ამისთვის. მადლობა ყველას, ვისთვისაც უმთავრესი საქართველოს ერთგული მსახურებაა. ამიტომაც ვართ დღეს ასეთი ამაყები. ჩვენ ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დავაყენეთ და დიდ წარმატებებსაც ერთად მივაღწიეთ. სწორედ ჩვენი ბრძოლის შედეგია ის, რომ ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელსაც ანგარიშს უწევენ, რადგან ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულმა ჩვენმა თვითმყოფადობამ დიდ ევროპულ ოჯახში დაგვაბრუნა“, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

როგორც კახი კალაძემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეები მალე ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ და აღნიშნა, რომ ჩვენმა ქვეყანამ „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა.

„ჩვენი მოქალქეები სულ მალე ევროპაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების წინ უსამართლოდ დაკარგული ისტორიული ფუნქცია აღიდგინა და „აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა. ჩვენ დღეს ვართ ქვეყანა, რომელიც ახალ მსოფლიო წესრიგში ღირსეულ ადგილს იმკვიდრებს და მის უსაფრთხოებასა და საიმედოობას ჩვენთვის სტრატეგიულ პარტნიორებად ქცეული მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოები იცავენ. სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი ერთად ყოფნა ყველა იმ შესაძლებლობის მაქსიმალურად გამოყენების საწინდარია, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვლილი ოთხი წლის განმავლობაში მიეცა“, – განაცხადა კახი კალაძემ.

მინისტრის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ განვითარების მყარი საფუძველი უკვე შექმნა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მსოფლიო პროგრესის პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული.

„ახლა დინამიური, სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რამაც თითოეული მოქალაქის ოჯახში კეთილდღეობა უნდა შეიტანოს. „ქართული ოცნებაა“ დღეს ერთადერთი სამართლიანი პოლიტიკური ძალა, რომელიც ხალხის კეთილდღეობაზე რეალურად ზრუნავს. ჩვენ ვართ მმართველი პოლიტიკური ძალა ადამიანური სახით, რადგან „ქართული ოცნების“ მთავარი ღირებულება ადამიანი და მისი ღირსება, კანონმორჩილება და წესრიგი, ქმედითობა და შედეგზე სწორი ორიენტაციაა. ჩვენ ცოდნაზე და არა პიარზე დაფუძნებულ ეკონომიკას ვაშენებთ სოციალური კეთილდღეობითა და სოლიდარული საზოგადოებით. „ქართული ოცნებაა“ ის ძალა, რომელიც თავისუფალ, უსაფრთხო, თვითმყოფად საქართველოს აშენებს, რომელიც მსოფლიო პროგრესის პროცესებში აქტიურად იქნება ჩართული. „ქართული ოცნება“ პროგრესული ქვეყნის მოყვარული პოლიტიკური ძალა ვართ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალურმა მოძრაობამ” ქუთაისის სამ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის რეგიონში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა