კახი კალაძე: ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას

ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დავით სერგეენკოს წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დავით სერგეენკოს ჩართულობით, საქართველოში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. მისივე თქმით, სერგეენკოს უკავშირდება ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყებაც.

„ვაგრძელებთ ჩვენს საარჩევნო კამპანიას, ვემზადებით არჩევნებისთვის, სადაც თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოთ, აგრძელებს თუ არა ჩვენი ქვეყანა მშვიდობიან, დემოკრატიულ განვითარებას, რომლის მიზანიც ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.სახელმწიფოს, სადაც ადამიანის უფლებები უმაღლეს დონეზეა დაცული და ადამიანი, მასზე ზრუნვა მთავარი ამოსავალი წერტილი და ღირებულებაა.

ზრუნვა ვახსენეთ და აღარ დავიწყებ იმ წარმატებულ რეფორმებზე საუბარს, იმ პროექტების ჩამოთვლას, რომელიც ჩვენი გუნდის ხელისუფლების პირობებში დავით სერგეენკოს უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით განხორციელდა. ამისთვის მხოლოდ ერთის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხსენებაც საკმარისია. ამ ადამიანს არაერთი გადარჩენილი სიცოცხლე და ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარის – ჯანდაცვის ფუნდამენტური რეფორმის დაწყება უკავშირდება.

დავით სერგეენკოს მინისტრობის პერიოდში შეიცვალა დარგის ფილოსოფია, შეიცვალა მიდგომები და დამოკიდებულება, ჯანდაცვა პრივილეგიის ნაცვლად, სახელმწიფოს პრიორიტეტი, საყოველთაო გახდა. წარსულს ჩაბარდა ის საშინელი დრო, როდესაც გადაუდებელი ჯანდაცვის სერვისებისთვის ადამიანებს სახლის გაყიდვა, უკანასკნელი თეთრის გაღება უხდებოდათ. ჩვენ ეს ყველაფერი ერთიანი ძალისხმევით, შრომით ჩავაბარეთ წარსულს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას კალაძემ ბოლო წლებში ქალაქის მასშტაბით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა ყურდაღება. მისი თქმით, კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და მომავალში არაერთი პროექტი განხორციელდება.

როგორც კალაძემ განაცხადა, ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ქალაქს ექნება კიდევ ერთი უზარმაზარი რეკრეაციული ზონა, ცენტრალური პარკი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ოჯახისა და ფონდი „ქართუ“ დაფინანსებით შეიქმნება.

„მე, როგორც ქალაქის მერს, არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტებზე, რომლებიც ბოლო წლებში მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონში, სხვადასხვა უბანში განვახორციელეთ. პირობა მივეცით თბილისელებს, რომ თბილისში ცხოვრება შეიცვლებოდა: მოწესრიგდებოდა ინფრასტრუქტურა, განახლდებოდა სკვერები, იქნებოდა მოწესრიგებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

ამ მიმართულებით ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით. დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება, ავტობუსების ჩანაცვლების პროცესი, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. დავიწყეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ეს არის ქუჩების მოწესრიგება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა თუნდაც საბურთალოს რაიონში; დავიწყეთ პარკების, სკვერების გალამაზება და მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ეს მიდგომები და დამოკიდებულება გაგრძელდება მომდევნო წლების განმავლობაშიც.

ძალიან მარტივია, ავიღოთ სტატისტიკა და ციფრები, 2014 წელს საბურთალოს რაიონის ბიუჯეტი იყო 11 მილიონი, 2020 წელს ბიუჯეტი არის ორჯერ გაზრდილი – 22 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო მეტი პროექტის განხორციელება შეგვიძლია, უფრო მეტი კარგის საქმის კეთება შეგვიძლია. რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში კიდევ იქნება ზრდა და კიდევ მეტი პროექტი განხორციელდება. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა იმართება ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე და მინდა ვისაუბრო იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელსაც არა მხოლოდ საბურთალო, არამედ მთელი ქალაქი ელოდება. ეს არის ცენტრალური პარკი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი და ფონდი „ქართუ“ აკეთებს. სამუშაოები დაწყებულია, რომელიც ორ წელიწადში დასრულდება და ქალაქს ექნება კიდევ ერთი უზარმაზარი რეკრეაციული ზონა, სადაც ყველა თაობის ადამიანს ექნება თავისი კუთხე, თავისი ადგილი, სადაც იქნება ყველანაირი შესაძლებლობა დასვენების, გართობის, განტვირთვის.

ძალიან მიხარია, როგორც ქალაქის მერს, როგორც, უბრალოდ, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. მინდა ყველას წარმატება და გამარჯვება გისურვოთ. დარწმუნებული ვარ, ორ დღეში, ამ მნიშვნელოვანი არჩევნების შემდეგ, ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და არ იფიქროს ვინმემ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი კანდიდატის, ჩვენი პარტიული გამარჯვება იქნება. ეს არის ჩვენი სამშობლოს გამარჯვება, რადგან დღეს, როგორც არასდროს, ისე სჭირდება ჩვენს ქვეყანას მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია, რომელსაც აქვს რეალური ხედვა, როგორ განვითარდეს ეს ქვეყანა, როგორ წავიდეს წინ, როგორ გავაძლიეროთ ეკონომიკა, როგორ დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორ შევუწყოთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ხელი და გავუმაგროთ ზურგი, ამის რესურსი გააჩნია პოლიტიკურ გუნდს, პარტიას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

დარწმუნებული ვარ, 31-ში ჩვენ ერთად ვიზეიმებთ ამ გამარჯვებას. მინდა გამარჯვებები გისურვოთ, წარმატებები გისურვოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიშსს:სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აიკრძალა თავისუფლების მოედანზე-ავტომანქანები ალტერნატიული მარშრუტებით მოძრაობენ
შემდეგი სტატია“არა ბიძინა ივანიშვილს” – “ნაციონალური მოძრაობა” 18:00 საათზე თბილისში შემაჯამებელ აქციას მართავს