კახი კალაძე: ფალსიფიცირებულ ინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ბრალდებებს პასუხობს და განმარტავს, რომ ფალსიფიცირებულ ინფორმაციასთან ბრძოლა საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულებაა.

როგორც მან სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია.

„რატომ გადავწყვიტეთ მერიაში ამ მიმართულების ვიდეოკომუნიკაცია თბილისელებთან და ყველასთან, ვისაც აინტერესებს დედაქალაქში მიმდინარე მოვლენები? ვფიქრობ, ამ პრობლემასთან გამკლავება არის ჩვენი ვალდებულება მოსახლეობის წინაშე, პირველ რიგში მათ წინაშე, ვინც ნდობა გამოგვიცხადა და დედაქალაქის განვითარება გვანდო. დეზინფორმაცია არის პოლიტიკური თუ ეკონომიკური ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. მეგასახელმწიფოებმა ღიად გამოაცხადეს ამ პრობლემის შესახებ და უმაღლეს დონეზე ხდება ამ მიმართულებით რესურსის მობილიზება. ყველა კარგად ხედავს, თუ როგორი დამანგრეველი ძალა აქვს დეზინფორმაციას, რა საფრთხის შემცველია საზოგადოების მოტყუება და სიცრუის ტირაჟირება. ფეიკნიუსი არის, პირდაპირ ვიტყვი, ბოროტება და პოლიტიკურ იარაღად, განსაკუთრებით არჩევნების წინ ამის გამოყენებამ საქართველოში კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, ფეიკნიუსი არის ბოროტება და საქართველოში პოლიტიკურ იარაღად მისმა გამოყენებამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ვიბრძოლოთ, დავიცვათ ჩვენი სიმართლე. ჩვენ არ დაგვიწყია ეს კონფრონტაცია, უბრალოდ ვებრძვით მედიის გამოყენებას ტყუილის პროპაგანდისტად. ჩვენ ამ პროექტით ვიცავთ თითოეული კეთილსინდისიერი ჟურნალისტის პროფესიონალიზმს, ვიცავთ მუნიციპალიტეტის თითოეული თანამშრომლის შრომას, ვიცავთ მოქალაქეების განწყობას, დროს და ნერვებს. ელემენტარულად ვიცავთ სიმართლეს. დღეს ვეხმიანები ბოლო პერიოდში მედიით გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს. მინდა, ყველამ კარგად იცოდეს, ეს არ არის რომელიმე ტელეკომპანიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, თუმცა პირდაპირ ვიტყვი, ნამდვილად არის ტყუილის და ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა აქვე ფალსიფიცირებული ინფორმაციის რამდენიმე ფაქტი წარმოადგინა და განაცხადა, რომ მედიით გავრცელებული კონკრეტული ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძეს პირად Facebook-გვერდზე გამოქვეყნებული პოსტის გამო სუსი-დან დაურეკეს