კახი კალაძე: ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი

ვინაიდან ვუფრთხილდებით მოსახლეობის ჯანმრთელობას, გადაწყდა, რომ ხვალინდელი კონცერტის ნახვა მხოლოდ სატელევიზიო ეთერით იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო კონცერტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, სადღესასწაულო პერიოდში რამდენიმე კონცერტის გამართვა იგეგმება.

„ზოგადად ეს წელი განსხვავებული იყო, სირთულეებით სავსე, უამრავი პრობლემა, ყველაზე მთავარი გამოწვევა იყო პანდემია, კორონავირუსთან ბრძოლა და ეს ბრძოლა ჯერ დამთავრებული არ არის. მოგებული არ არის ეს ომი. ამიტომ, რადგან ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, გადაწყდა რომ საქართველოს მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო ეთერით ექნება შესაძლებლობა, იხილოს ხვალინდელი კონცერტი. ახლა, ამ წუთში მიმდინარეობს რეპეტიცია და დარწმუნებული ვარ, ხვალ ძალიან ისიამოვნებს ყველა, ვინც პირდაპირ ეთერში იხილავს ამ ღონისძიებას. გარდა ამისა, კიდევ გაიმართება რამდენიმე კონცერტი. ამასთან დაკავშირებით მომდევნო დღეების განმავლობაშიც სრულ ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ყოფილიყო ჩართული ამ საახალწლო ღონისძიებებში. ყველას ძალიან კარგად გვესმის სირთულეები, ყველას ძალიან კარგად გვესმის, თუ რამდენად რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა, მოღვაწეობა და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას გვერდში დავუდგეთ და თანადგომა გამოვუცხადოთ ამ რთულ სიტუაციაში“, – განაცხადა კალაძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას 2020 წელი შეაჯამა და ასევე, 2021 წლის გეგმებზეც ისაუბრა.

„2020 წელს რაც შეეხება, ისტორიაში შევა, როგორც რთული წელი, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ზოგადად მთელი მსოფლიოსთვის. ვიცით, რომ მთელ მსოფლიოში მძვინვარებს პანდემია, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა უკვე არსებობს. ზოგიერთ ქვეყანაში მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი. ჩვენთანაც, საქართველოში ძალიან მალე დაიწყება ეს პროცესი. ეს იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ასევე ჩვენს ქვეყანაში, ამას მოჰყვა ეკონომიკური პრობლემები, სოციალური მდგომარეობის გაუარესება. მომდევნო 2021 წელს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი იქნება არსებული სიტუაციის გამოსწორება, ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება, სოციალური პირობების გაუმჯობესება. აი, ამ ყველაფერზე მოგვიწევს მუშაობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე: თუ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ არჩევნები გაყალბდა, რატომ ამბობენ უარს ამის გადამოწმებაზე?
შემდეგი სტატიაიემენის ქალაქ ადენის აეროპორტში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა