კახი კალაძე: ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ვატარებთ

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ საქართველოს ევროპარლამენტის „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში კნუტ ფლეკენშტეინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, ევროპელი „სოციალისტების“ პარტია „ქართული ოცნების“ პარტნიორია და ეს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ სამომავლოდ ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ევროპასთან დაახლოების გზაზე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ და დარწმუნებული ვართ, რომ ძალიან მალე საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას ვიზების გარეშე. ამ მიმართულებით მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო „სოციალისტებსა და დემოკრატებს” მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს მოქალაქეები ვიზების გარეშე იმოგზაურებენ ევროპულ ქვეყნებში”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, კნუტ ფლეკენშტეინს ექნება შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში შეხვედრები გამართოს და საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას დააკვირდეს.

„როგორც ყველასთვის ცნობილია, ჩვენ ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ საქართველოში ყველას მიეცეს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ჩაატაროს მშვიდ გარემოში, თავისუფალ გარემოში ყველანაირი ზეწოლის, ყველანაირი ხელშეშლის გარეშე. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ეძლევა იმის შესაძლებლობა, რომ გააცნოს თავიანთი ხედვები ქვეყნის განვითარებისა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას და თავად საქართველოს მოქალაქეებმა არჩევნების გზით მიიღონ გადაწყვეტილება, როგორც ეს ევროპულ, ნორმალურ, განვითარებულ ქვეყნებშია, თუ ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მეგობრები ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს ხედავენ, სათანადოდ აფასებენ და აფიქსირებენ თავიანთ მხარდაჭერას. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო კნუტ ფლეკენშტაინს”, – აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“მეც და ჩემი გუნდიც მივიჩნევთ, რომ მთავრობის 4-პუნქტიან პროგრამას შეუძლია, მოიტანოს სერიოზული თვისობრივი ცვლილებები”
შემდეგი სტატია“დემურ სტურუასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები ჩნდება, ხომ არ აფარებს ვინმე ხელს სავარაუდო დამნაშავეს”