video კახი კალაძე 1 მილიონ 100 ათასი ლარის ჩარიცხვას არ ადასტურებს

კახა კალაძე ვადამდელ არჩევნებს არ გამორიცხავს

 

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროსთვის დავით ქარსელაძის, მეტსახელად “კალატოზას” მიერ თანხის გადმორიცხვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას დიდ სიცრუეს უწოდებს, – ამის შესახებ კალაძემ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ენერგეტიკის სამინისტროს საბანკო ანგარიში საერთოდ არ გააჩნია. “მოვისმინე გივი თარგამაძის განცხადება. ეს არის დიდი სიცრუე. მე ამაში არ ვადანაშაულებ “ნაციონალურ მოძრაობას”, როგორც მათ განმარტეს, ეს უცნობი პიროვნების მიერ არის მიწოდებული. მე არ მესმის საერთოდ რაზეა საუბარი და რამდენად ღირს ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება, რადგან საუბარია ენერგეტიკის სამინისტროს ანგარიშზე გადარიცხვაზე და ამ დროს ენერგეტიკის სამინისტროს საერთოდ საბანკო ანგარიში არ გააჩნია. ერთადერთი ანგარიში არის ხაზინა და არ მგონია, ხაზინაში ვიღაც სამინისტროსთვის თანხებს რიცხავდეს”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ბანკი “კალა კაპიტალი”, რომელზეც გივი თარგამაძე საუბრობდა, საქართველოში არ არსებობს. “თუ სადმე უცხოეთში არის ასეთი ბანკი, არ ვიცი. ის ბანკი, რომელთანაც მქონდა კავშირი და ვიყავი დამფუძნებელი, იყო “პროგრეს ბანკი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩემს მიერ იქნა გასხვისებული. მე არ ვამბობ, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” მოიგონა, შეიძლება ვიღაცამ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, მაგრამ მგონია, რომ ეს არის მიზანმიმართულად წამოწეული თემა, არ ვიცი ვისი მხრიდან. ხვალ პარლამენტში მისვლას ვაპირებ, საუბარი იქნება იმაზე, რა გავაკეთეთ, რას ვაკეთებთ. “ნაციონალური მოძრაობა” ცდილობდა რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით შემოტევები ყოფილიყო, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, თემა არ დარჩათ არაფერი და რაღაც ხომ უნდა მოიგონონ და მოიგონეს, რომ ვიღაცამ გადარიცხვის ფურცელი მიუტანა, რომ კახა კალაძეს ენერგეტიკის სამინისტროზე 1 100 000 დოლარი გადმოურიცხეს”, – განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება იმას, იცნობს თუ არა დავით ქარსელაძეს, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. “სხვათა შორის, ბატონ გივი თარგამაძეს ჰკითხეთ, მას მჭიდრო ურთიერთობები აქვს და ოჯახში უზის ისეთი კრიმინალი, რომელზეც თვითონ საუბრობს ხოლმე, ამიტომ მას ჰკითხეთ და უფრო ვრცლად მოგიყვებათ კრიმინალებსა და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც მას პირდაპირი ურთიერთობა აქვს”, – განაცხადა კალაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ინფორმაციით, ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ცნობილმა კრიმინალმა დავით ქარსელაძემ, მეტსახელად “კალატოზამ” ენერგეტიკის სამინისტროს 1 100 000 დოლარი გადმოურიცხა.

გივი თარგამაძემ წარმოადგინა გადარიცხვის დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ერთ-ერთი რუსული ბანკის ფილიალიდან ენერგეტიკის სამინისტროსთვის გადმორიცხულია 1 100 000 დოლარი, მიზანში მითითებულია მშენებლობა, ხოლო ფულს რიცხავს ვინმე დავით ქარსელაძე. თარგამაძის თქმით, ამ შეთანხმების გარანტორად დოკუმენტში მითითებულია ვიცე პრემიერის კახა კალაძის პირადი ბანკი “კალა კაპიტალი”.
რაც შეეხება დავით ქარსელაძეს, როგორც გივი თარგამაძემ აღნიშნა, ის არის ცნობილი კრიმინალი მეტსახელად “კალატოზა”, რომელიც შევარდნაძის დროს ფლობდა და არეკეტებდა სამარშრუტო ტაქსებს, როგორც თბილისში, ასევე უმეტეს რაიონებში.

https://youtu.be/86bv5HuzPyI

banner
წინა სტატიაში,,პარტიებთან მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს”
შემდეგი სტატიაCNN-ის ინფორმაციით თარხან ბათირაშვილი იგივე ომარ ალშიშანი მოკლეს