საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი და სამარშრუტო ტაქსი შეეჯახა, რომელსაც უცხოელი ტურისტები კახეთის მიმართულებით გადაჰყავდა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზიდან გადავიდა და მაღაზიის წინ მდებარე დახლები დაანგრია.
სატრანსპორტო საშუალებებში მყოფი ხუთივე დაშავებული საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. მათგან ერთ-ერთი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რის გამოც იგი კატასტროფის ბრიგადამ თბილისის კლინიკაში გადმოიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

















