კახეთის გზატკეცილიდან თბილისის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება 4 ნოემბრამდე ნაწილობრივ შეიზღუდება

კახეთის გზატკეცილზე (ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან შერვაშიძის ქუჩამდე მონაკვეთი) მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 20 ივლისის 02:00 საათიდან 4 ნოემბრამდე, კახეთის გზატკეცილიდან ქალაქის ცენტრისკენ და უკუმიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, კერძოდ:

პირველ ეტაპზე, სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება ქალაქის გასასვლელიდან ცენტრისკენ მოძრაობის ზოლზე. შესაბამისად, ტრანსპორტი იმოძრავებს შერვაშიძის ქუჩის გადაკვეთიდან კაჩინსკის ქუჩისკენ საპირისპირო ზოლის გამოყენებით;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ცალმხრივი გახდება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის მიმართულებით, ასევე, კახეთის გზატკეცილიდან ჩაჩავას ქუჩის მიმართულებით;
კახეთის გზატკეცილი ქეთევან დედოფლის გამზირს ლეხ კაჩინსკის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდება, ხოლო ქეთევან დედოფლის გამზირიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ისნის“ მხრიდან, ჩაჩავას ქუჩის გავლით. კაჩინსკის ქუჩაზე კი, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქეთევან დედოფლის გამზირისკენ;
ქეთევან დედოფლის გამზირის გადამკვეთ გზაჯვარედინზე მოძრაობა დაშვებული იქნება, როგორც პირდაპირ – ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით, ასევე, მარჯვნივ და მარცხნივაც – ქეთევან დედოფლის გამზირზე;
ქეთევან დედოფლის გამზირიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბუშის ქუჩის მიმართულებით ახვევა შეიზღუდება. ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან აწყურის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება შეხვევა მარცხნივ – ჩაჩავას ქუჩისკენ. კვლავინდებურად დაშვებული იქნება ბუშის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩის გავლით, ზურაბაშვილის ქუჩაზე მარჯვნივ შეხვევა;
ანალოგიურად, ზურაბაშვილის ქუჩიდან ტრანსპორტი იმოძრავებს მხოლოდ მარჯვნივ – ქეთევან დედოფლის გამზირისკენ. ამდენად, ზურაბაშვილის ქუჩიდან კახეთის გზატკეცილზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ან ქეთევან დედოფლის გამზირისა და ჩაჩავას ქუჩის, ან აწყურისა და ჩაჩავას ქუჩების გავლით;
ლეხ კაჩინსკის ქუჩიდან დოესის, შორაპნისა და შირაქის ქუჩებზე შეხვევა შეიზღუდება. შესაბამისად, კაჩინსკის ქუჩიდან ზემოხსენებულ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქეთევან დედოფლის გამზირის გავლით;
ჩაჩავას ქუჩაზე მოძრაობა დაშვებული იქნება მეტროსადგურ „ისნიდან“ კახეთის გზატკეცილისკენ, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება მოუხვიოს როგორც მარცხნივ – ჯორჯ ბუშის ქუჩისკენ, ასევე, მარჯვნივ – ქალაქის გასასვლელის მიმართულებით.

banner
წინა სტატიაში„არ დატოვოთ და არ წავიდეთ ტელევიზიიდან, იძულებული გახადეთ, რომ გაგყაროთ” – ლუბა ელიაშვილი
შემდეგი სტატია20 ივნისის საქმე – დაკავებულ სოსო ბაჯელიძესა და ცოტნე ცოტნიაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ