კახაბერ საბანაძე: „დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ“

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში დღეს ქ. თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.
მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.
მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძემ, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა.

„ახალი პოლიციელი – მართლწესრიგის ოფიცერი და ეს ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში ინერგება. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მართლწესრიგი და პარალელურად განვახორციელოთ პრევენციულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა. ამისთვის დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ.
მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკ-ჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა. ასევე, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება მოსახლეობისთვის. მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან. მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. რაც მთავარია, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციული საქმიანობის განხორციელება.
მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ჩვენ შევძლებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, დავიცავთ მართლწესრიგს და უზრუნველვყოფთ საზოგადოების თითოეული წევრის უფლების და თავისუფლების დაცვას.
აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ამ ინსტიტუტის და ამ პროექტის ინპლემენტაციის პროცესში. მათი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე, მინდა ზოგადად, მადლობა გადავუხადო მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმირების მხარდაჭერისთვის.“ – განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი
შემდეგი სტატიაგორში, მოზარდის ცხედრის სამძებრო სამუშაოები განახლდა