კახაბერ ქემოკლიძე – პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება

პარტია „საქართველოსთვის“ მოითხოვს, მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ კომენტარებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა კახაბერ ქემოკლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ მმართველი პარტიის თავმჯდომარის გუშინდელ ინტერვიუს.

გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა, მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუშინ ვიხილეთ მმართველი პარტიის დღევანდელი თავმჯდომარის არაადეკვატური განცხადებები და პრიმიტიული ტყუილები, რითაც მან კიდევ ერთხელ: დააზიანა სახელმწიფო ინსტიტუტები, შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს მოქალაქეებს, დარტყმა მიაყენა ქვეყნის უსაფრთხოებას და არაფრად ჩააგდო „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი.

ჩვენი მხრიდან ყოველგვარი დამატებითი ძალისხმევის გარეშე დადასტურდა ის, რასაც ვამბობდით, მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობისთვის უკვე აღარ არსებობს წითელი ხაზი, რადგან საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ისინი მზად არიან, ფეხქვეშ გათელონ სახელმწიფო ინტერესები.

გუშინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ვიმეორებ – არა მთავრობამ, არა უსაფრთხოების სამსახურმა, არა სამართალდამცავებმა, არამედ, ირაკლი კობახიძემ ბრალი დასდო იმ დროისთვის მოქმედ პრემიერ-მინისტრს, დღესაც მოქმედ პოლიციელებს და ჯარისკაცებს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში, გადატრიალების მომზადებაში, რაღაც ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მას, მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობიდან“ მიაწოდეს.

გუშინ კობახიძემ თქვა, რომ ოთხი თვის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის, „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს უმალავდა, რომ ქვეყანაში გადატრიალება მზადდებოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, იმ პოლიციელებისა და ჯარისკაცების მონაწილეობით, რომლებიც დღესაც საქართველოს თავდაცვისა და პოლიციის რიგებში მსახურობენ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი აბსურდული განცხადებების რეაგირების გარეშე დატოვება კიდევ უფრო მეტად დააზიანებს სახელმწიფო ინტერესებს და ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

შესაბამისად, მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ!

ღიმილისმომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა ოთხი თვის განმავლობაში ამბობდა, რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას. როგორც აღმოჩნდა, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად, მათ ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს…

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები დღეს ზრუნავდნენ ხალხზე, ორივე მხარე დღეს გახარიას და „საქართველოსთვის“ ოპოზიციაშია. ისინი ჩვენი პოლიტიკური ძალისა და მომავლის შიშმა ისე დააახლოვა და დაამსგავსა ერთმანეთს, რომ მათ შორის მორალური ზღვარი მოიშალა!

მიუხედავად ამისა, ჩვენ, ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, საიდანაც არ გადავუხვევთ.

პირველივე დღეს განვაცხადეთ და არც ახლა ვაპირებთ წარსულზე ჭორაობას, არც ახლა ვერთიანდებით ვინმეს წინააღმდეგ.

უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ ჩვენს სამოქმედო გეგმას და პროგრამას, ვიწყებთ მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციას, რომელიც დაიწყება აჭარის რეგიონიდან“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ 17 თებერვალს, გიორგი გახარიას გადადგომამდე ერთი დღით ადრე, კიევიდან მიიღეს ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმასთან დაკავშირებით ალტერნატიული მთავრობის ფორმირებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში სარფიდან შემოსვლის შესახებ. როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიორგი გახარია, მათთვის სრულიად გაუგებარი მოტივით, ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადებას ითხოვდა, რის შემდეგაც, მმართველ გუნდს მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდა და კიევიდან მიღებული ინფორმაცია არ გაანდეს.

banner
წინა სტატიაშიქნირში – საქართველოს მეგობრებმა დავასკვენით, რომ ამნისტია არის საუკეთესო გზა შექმნილ მდგომარეობასთან გასამკლავებლად
შემდეგი სტატიაშალვა პაპუაშვილი – ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან