კახა შარტავა აუცილებლად მიიჩნევს „ნამდვილი, სერიოზული, ევროპული ტიპის კლასიკური ტიპის პარტიის“ ჩამოყალიბებას

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა აუცილებლად მიიჩნევს რეალური, ნამდვილი, სერიოზული, ევროპული ტიპის კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბებას.
ამის შესახებ შარტავამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„სრულდება არჩევნები და გილოცავთ, თუმცა არის შედეგები, რომელსაც არ გილოცავთ და ვერ მოგილოცავთ. არის შედეგები, რომელთა შეცვლას, ალბათ, ჩვენ ცალ-ცალკე ვერ შევძლებთ. არის შედეგები, რომელთა გავლენა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე თანდათან გამოჩნდება.
სახელმწიფო მართვის სისტემამ, რომლის რეკონსტრუქციაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, ათასობით, ათიათასობით ნამდვილი ხმა ისე კოხტად გადაილაგა, გადაიწყო, რომ თითქოს ვერც კი მიედავები. ყველა მეთოდი იქნა გამოყენებული: გაყალბების, ზეწოლის, დაშინების, მოსყიდვის. მარტო აჭარაში 25 000 ბათილი ბიულეტენია. ეს ბათილი ბიულეტენები რომ ინახოს, იქ აღმოჩნდება ათასობით სხვადასხვა პარტიის ხმა და მათ შორის, ათასობით „ეროვნული ფორუმის“ ხმა. ათასობით და ათიათასობით ხმა გადაალაგა სისტემამ ყველა მეთოდის გამოყენებით და ეს მოახერხა სამწუხაროდ იმიტომ, რომ ამომრჩეველმაც და საარჩევნო პროცესში ჩართულმა ადამიანებმა მიიღეს მონაწილეობა. ეს უნდა ყოფილიყო ამომრჩევლის არჩევნები და იყო ამომრჩევლის არჩევნები, მაგრამ ამომრჩეველი თანამონაწილე გახდა სისტემის მიერ ჩადენილი უმსგავსობის. ბევრმა თავი გაიმართა იმით, რომ დაშინდა; ბევრი გაიყიდა და მიყიდა საქართველოს მომავალი სისტემას, რომელმაც ძალიან დიდი ფული ჩადო ამ არჩევნებში და ამ ფულს აუცილებლად ათმაგად ამოიღებს და მთლიანად ჩაიგდებს ხელში ქვეყნის რესურსს, დაადგება თავზე ყველა მოქალაქეს, რათა აკონტროლოს, რათა დევნოს და რათა მთელი რესურსი საკუთარ თავზე წაიღოს. ამ პროცესში ამომრჩევლებმა მიიღეს მონაწილეობა დ ასეთი არჩევანი პატივისცემის ღირსი არ არის. დანარჩენმა ამომრჩეველმა ცალმხრივი არჩევანით ხელი შეუშალა მრავალპარტიული პარლამენტის მიღებას. ვიღაცას ძალიან უნდოდა რატომღაც, რომ „ეროვნული ფორუმი“ ნულზე დარჩენილიყო. სამწუხაროდ, ჩვენც, დანარჩენმა პარტიებმა ვერ ვივარგეთ, ვერ დავაჯერეთ ამომრჩეველი მრავალპარტიულობის აუცილებლობაში“, – განაცხადა კახა შარტავამ.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში აუცილებელია რეალური, ევროპული, კლასიკური ტიპის პარტიის ჩამოყალიბება და სხვადასხვა პარტიაში გაფანტული რესურსის მოგროვება.

„ასეთი ტიპის სერიოზული პარტიის ჩამოყალიბებისთვის ჩვენ მზად ვართ, ვიყოთ პარტიული მსხვერპლი ამ პროცესისა და შევეწიროთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის დაწყებას სხვებთან ერთად, თუ იქნებიან ამის მსურველები“, – განაცხადა შართავამ.

მან მადლობა გადაუხადა ნამდვილ ამომრჩეველს, „ეროვნული ფორუმის“ და სხვა პარტიების წევრებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იმუშავეს სამართლიანი არჩევნებისთვის.

შარტავას თქმით, მას უკვე ჰქონდა კონსულტაციები ერთ-ორ პოლიტიკურ ძალასთან.

banner
წინა სტატიაშიკობა ნარჩემაშვილი : “პარლამენტი იქნება ქუთაისში. მეც ამას ვუჭერ მხარს”
შემდეგი სტატიაკუს ტბის განახლებული საბაგირო გზა გაიხსნა