კახა ოქრიაშვილი: ქვეყანაში თუ შერჩევითი სამართალი არსებობს, სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას

ქვეყანაში თუ შერჩევითი სამართალი არსებობს, ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დეპუტატი კახაბერ ოქრიაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი შერჩევით სამართალზე საუბრობენ და პარალელს ავლებენ გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარ ინციდენტებს შორის.

„პარალელს ავლებენ წინასაარჩევნო პერიოდში ახალქალაქში მომხდარ ინციდენტს და დავით კირკიტაძის მიერ ჩადენილ ქმედებას შორის. თუ ქვეყანაში არსებობს შერჩევითი სამართალი, ეს ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის და მთელი საზოგადოებისთვის მიუღებელია და სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ამასთანავე, პარალელის გავლება გურჯაანისა და ახალქალაქის ინციდენტებს შორის არასწორია: დავით კირკიტაძის შემთხვევში, საქმე გვაქვს ძალადობასთან სამართალდამცავების მიმართ, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის დარღვევა და ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ხოლო ახალქალაქის ინციდენტი წარმოადგენს პრეზიდენტობის სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერთა ფიზიკურ დაპირისპირებას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 5 პირის მიმართ, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

პარალელის გავლება შესაძლებელია ახალქალაქისა და თიანეთის ინციდენტებს შორის. მინდა, საზოგადოებას გავახსენო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, პირველი დაპირისპირება ფიზიკური ძალის გამოყენებით მოხდა თიანეთში, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ფიზიკურად გაუსწორდნენ „ოცნების“ მხარდამჭერს, რომელსაც ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

ახალქალაქის ინციდენტის ანალოგიურად, მაშინ სასამართლომ თავდამსხმელი აქტივისტები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდნენ, გირაოთი გაათავისუფლა. გურჯაანსა და ახალქალაქში მომხდარი ფაქტი არის ორი განსხვავებული სიმძიმის დანაშაული და მათი შედარება აბსოლუტურად გაუმართლებლად მიმაჩნია“, – აცხადებს კახაბერ ოქრიაშვილი.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
შემდეგი სტატიაამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერ აქტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ