კახა მიქაია:თუ ვინმეს ჰგონია, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ივანიშვილი პოზიციას შეცვლის, ის ან ბრიყვია, ან არაფერი ესმის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2020 21:44

კახა მიქაია:თუ ვინმეს ჰგონია, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ივანიშვილი პოზიციას შეცვლის, ის ან ბრიყვია, ან არაფერი ესმის

რატომ ჩამოვიდა საქართველოში მაიკ პომპეო? რატომ ამბობდა ივანიშვილი, რომ ამერიკელებს შავ ზღვაზე არაფერი ესაქმებათ? ვინ არის ქვეყანაში პირველი „ნაცი“? რა შეცდომა არ უნდა დაუშვას სააკაშვილმა? -ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს სამოქალაქო აქტივისტი, კახა მიქაია ესაუბრება:

_ კახა, ხელისუფლება ამბობს, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა, ოპოზიცია კი არნახულ გაყალბებაზე საუბრობს და ქუჩაშია პროტესტის გამოსახატავად გამოსული. თქვენ, როგორც არც „ქოცი“ და არც „ნაცი“, რას იტყვით, გაყალბდა არჩევნები?
_ არჩევნები, რა თქმა უნდა, გაყალბდა და ოპოზიციის რეაქცია ადეკვატურია. ხელისუფლება ერთ რამეს უნდა მიხვდეს _ მისი დრო ამოიწურა. უფრო მარტივადაც შემიძლია გითხრათ: გაილია „ქართული ოცნება“.
_ რით გაილია „ქართული ოცნება“, – რაც 31 ოქტომბრის არჩევნებზე მოხდა, თუ მთლიანობაში გაილია?
_ არჩევნების შედეგი გახლავთ იმის დასტური, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ გაილია.
_ თავად „ქართული ოცნება“ გალეულად სულაც არ მიიჩნევს თავს და არც არჩევნებში გამარჯვებას აყენებს ეჭვქვეშ.
_ ერთია, რას ფიქრობს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი და მეორე, რა ხდება სინამდვილეში. სინამდვილეში კი არჩევნები გაყალბებულია და „ქართული ოცნება“ გალეულია. ივანიშვილის პარტია კაი ხანია, რაც დამთავრებულია. ბოლო წლები „ქართული ოცნება“ იქითკენ მიდიოდა, რომ ესოდენ მნიშვნელოვანი არჩევნები ასე დამთავრებულიყო.
ბიძინა ივანიშვილი ერთ რამეს ვერ მიხვდა, რომ ქართველ ხალხთან ასე მოქცევა არ შეიძლება. ის ვერც იმას მიხვდა, რომ ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს, როგორიც მას აქვს.
_ როგორი წარმოდგენა აქვს?
_ ამას არ ვაკონკრეტებ. უბრალოდ, ვამბობ, რომ არ შეიძლება, ქართველ ხალხზე ასეთი წარმოდგენა გქონდეს.
_ რაკი დაკონკრეტებას ერიდებით, ე. ი. ცუდი წარმოდგენა აქვს ჩვენს ხალხზე.
_ ცუდი წარმოდგენა აქვს. დაკონკრეტება არ მინდა.
_ მაინც, რა წარმოდგენა აქვს ასეთი, რომ არ აკონკრეტებთ? ჩვენი ხალხი ბიძინა ივანიშვილს ბრბო ჰგონია?
_ დიახ, ბრბო ჰგონია ივანიშვილს ჩვენი ხალხი და უარესი წარმოდგენაც აქვს.
_ უარესი რა, ნახირი ვგონივართ?
_ დიახ, მაგრამ არც ამით შემოიფარგლება და კიდევ უარესი წარმოდგენა აქვს ჩვენზე. აქედან გამომდინარე, ის შედეგი, რაც არჩევნებზე დადგა, ლოგიკურია, სხვანაირს არც ველოდი. ამას რომ მიხვდე, რაიმე წინასწარმეტყველური და განსაკუთრებული ნიჭი საჭირო არ არის. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანდა, რომ ამ არჩევნებს ბიძინა ივანიშვილის პარტია წააგებდა, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ „ქართული ოცნება“ ამ მარცხს არ აღიარებდა.
ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს გააყალბებდა. მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა თავისი შემოქმედებითი საქმიანობა დაასრულა, გაყალბება, უბრალოდ, გარდაუვალი იყო.
რაც შეეხება ოპოზიციას, ახლა მათ წინაშე დგას ერთი მიზანი და ერთი პრობლემა. მნიშვნელობა არ აქვს იმას, მე მომწონს თუ არა ოპოზიცია, ჩვენ განსაკუთრებული რეალობის წინაშე ვდგავართ. თუ ქართულმა ოპოზიციამ ზეწოლას გაუძლო, ხელისუფლება დათმობაზე წავა.
_ ზეწოლაში რას გულისხმობთ? რა ზეწოლას უნდა გაუძლოს ოპოზიციამ?
_ დავაკონკრეტებ: თუ ოპოზიცია არ გაიყიდა და გაუძლო ცდუნებას, მაშინ მივიღებთ ასეთ სურათს _ ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, ჩემი აზრით, არც უნდა შევიდეს და ბიძინა ივანიშვილი ხდება თურქმენბაში.
მოვლენების ასეთ განვითარებაზე დღეს ბევრი საუბრობს. ბევრი სვამს კითხვას, რა დაემართება ქვეყანას, თუ ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩა და პარლამენტში მხოლოდ „ქართული ოცნება“ შევიდა? ვიღაცები ამის გამო ოპოზიციას საყვედურობენ _ როგორ შეიძლება, პარლამენტში არ შეხვიდე და ქვეყანაში ხელოვნურად შექმნა კრიზისიო?! თურმე, ეს არ ყოფილა სახელმწიფოებრივად აზროვნების ნიმუში. მე ამ ადამიანებს ასეთ კითხვას ვუსვამ, _ დავუშვათ, შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, რა შეიცვლება ამით? ვინმეს ჰგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის კეთილ ნებას რამედ ჩააგდებს? არაფრად ჩააგდებს და არც არაფერს შეცვლის.
ვისაც იმედი აქვს, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემთხვევაში ივანიშვილი პოზიციას შეცვლის, ის ან ბრიყვია, ან არაფერი ესმის. ოპოზიციის შესვლით არაფერი შეიცვლება და არც ოპოზიციის ქმედება იქნება ანტისახელმწიფოებრივი. ეს ქვეყნისთვის კარგი არაა, მაგრამ ოპოზიცია ბოიკოტით იმაზე მეტად ვერ დაანგრევს ქვეყანას, ვიდრე „ოცნებამ“ დაანგრია. მეტი როგორ უნდა ამოსძვრეთ სული საქართველოს მოქალაქეებს, ვიდრე აქამდე ამოსძვრათ.
_ ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია თუ პარლამენტში არ შევა, მისი მარგინალიზაცია მოხდება. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
_ ჩემი აზრით, ოპოზიციის მარგინალიზაცია მაშინ მოხდება, თუ ის პარლამენტში შევა. ოპოზიციის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ამის მიუხედავად, თამამად ვიტყვი, რომ ოპოზიცია სწორად იქცევა.
_ ამ ოპოზიციაში მთავარი ძალა არის „ნაციონალური მოძრაობა“. თქვენ „ნაციონალებთან“ ყოველთვის დაპირისპირებული იყავით. გამუდმებით აკრიტიკებდით მას. ახლა ძალიან მიკვირს, ოპოზიციის გადაწყვეტილებას რომ იწონებთ.
_ ოპოზიციაში მარტო „ნაციონალები“ არ არიან. და რაკი იქ „ნაციონალები“ არიან, რა ვქნა, არ ვთქვა ის, რაც სიმართლეა? „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები გააყალბა და ოპოზიცია სწორად იქცევა, რომ პარლამენტში არ შედის.
_ ამ შეფასების გამო შეიძლება, „ქართულმა ოცნებამ“ „ნაცის“ იარლიყო მოგაწებოთ. ყველას „ნაციონალს“ ეძახიან, ვინც გაბედავს იმის თქმას, რომ ოპოზიცია ადეკვატურად იქცევა.
_ მაგათი შეფასებები როდის იყო, რომ მაინტერესებდა? რაც უნდათ, ის დამიძახონ. ვინც მე „ნაცს“ დამიძახებს, ადგნენ და „ნაცებს“ ერთ ადგილას აკოცონ. ადგილს არ დავაკონკრეტებ.
„ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე მეტად მე არ მომწონს, მაგრამ რა ვქნა? _ დღეს ისინი წარმოადგენენ მთავარ ოპოზიციურ ძალას. ეს ხელისუფლების დამსახურებაა, პირადად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. ეს მან შექმნა ისეთი გარემო, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა წინა ხელისუფლება ყოფილიყო.
ბიძინას დამსახურებით პოლიტიკური ველიდან შუა, ფაქტობრივად, გაიკრიფა. მთავარ ოპოზიციურ ძალად დარჩა „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა „ოცნება“ ამბობს, _ ააა, ჩვენ არ გვაძლევ ხმას?! ე. ი. „ნაციონალი“ ხარ. და ჩვენ რა ვქნათ _ ამის შიშით ბიძინას მარადიულად ხელისუფლებაში ყოფნა გავუფორმოთ და მიშა მარადიულად ოპოზიციაში დავტოვოთ? ასე თუ უნდა, იყოს, რა აზრი აქვს არჩევნების ჩატარებას? გავაუქმოთ არჩევნები და „ქოცები“ მარადიულ ხელისუფლებაში დარჩნენ, „ნაცები“ _ ოპოზიციაში. ეგრე არ გამოვა.
დღეს რაც ქვეყანაში ხდება, ეს ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ თავს დააბრალოს. ამაში მხოლოდ ისაა დამნაშავე და სხვა _ არავინ.
_ ბევრი ამბობს, რომ სააკაშვილის დაბრუნების შემთხვევაში „ნაციონალები“ ისევ ხელისუფლების სათავეში მოექცევიან. ამაზე რას ფიქრობთ?
_ სააკაშვილი საქართველოში შეიძლება დაბრუნდეს, ამაში გასაკვირი არაფერია. ერთ რამეში აქედანვე ვარ დარწმუნებული: რომ ის ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ვეღარასდროს იქნება.
_ რატომ ხართ ამაში დარწმუნებული? ეგრე ისიც გვეგონა, რომ „ნაცები“ გადაშენდებოდნენ, მაგრამ რვა წელია, მთავარ ოპოზიციურ ძალას წარმოადგენენ.
_ „ნაციონალური მოძრაობა“ რომ მთავარი ოპოზიციური ძალაა, ეს ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. მიშას რაც შეეხება, გიმეორებთ: ის ვერასდროს იქნება ამ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი.
_ ამის გარანტი ვინ არის?
_ ამას არ დაუშვებს არც ქართველი ხალხი და არც ის სიტუაცია, რომელიც ახლო მომავალში საქართველოს გარშემო შეიქმნება.
_ რა სიტუაცია უნდა შეიქმნას?
_ ეს სიტუაცია ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ შეიქმნება. ივანიშვილი აუცილებლად წავა, ეს გარდაუვალია. და ამისთვის მიშა საჭირო სულაც არ არის.
_ აბა, რატომ ამბობენ „ნაციონალები“, მიშა თუ არ ჩამოვა, ოპოზიციას არაფერი გამოუვაო?
_ რატომ ამბობენ „ნაცები“ ასე, ეგ „ნაცებს“ უნდა ჰკითხოთ. საკითხი ასე რომ დგება, ეს „ნაციონალებისა“ და, პირველ რიგში, მიშა სააკაშვილის პრობლემაა. მიშასა და ბიძინას შორის ტოლობის ნიშანი მე კარგა ხნის წინ დავსვი. ბიძინამ არჩევნები გააყალბა და ეს უნდა ვთქვათ. იმის გამო ვერ გავჩუმდები, რომ თუ ბიძინა წავა, შეიძლება მიშა დაგვაჯდეს თავზე. ასე თუ ვიაზროვნეთ, მაშინ დავიხუროთ თავზე ქუდი და სახელმწიფო სახელად საქართველო გავაუქმოთ. ჩვენც იმ ძროხებივით ვიბალახოთ, გასულ კვირას კომენდანტის საათის დროს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღთან რომ ბალახობდნენ.
ასე როგორ შეიძლება, ვიღაცის დაბრუნების შიშით თვალები დავხუჭო და არ ვთქვა, რომ არჩევნები გაყალბდა? თან მიშას დაბრუნება არაფერს შეცვლის. სააკაშვილიც დამთავრებულია იმ ფორმით და ივანიშვილიც დამთავრებულია იმ ფორმით, რა ფორმითაც მას ხელისუფლებაში ყოფნა უნდა.
დღეს ქვეყანაში ძალიან მძიმე ვითარებაა. მოსახლეობის დიდი ნაწილის მსგავსად მეც პესიმისტურად ვარ განწყობილი, მაგრამ ამის მიუხედავად ვხედავ, რომ საქართველოს დემოკრატიულად განვითარების პერსპექტივა აქვს.
ის რეალობა, რაც დღეს არის, ძალიან ცუდია, მაგრამ ასეთი რეალობა შექმნა თავად ივანიშვილმა და ამას ყველამ თვალი უნდა გაუსწოროს. ამ რეალობიდან ერთადერთი გამოსავალი არსებობს. ამ გამოსავალს სახელად ჰქვია ხელახალი არჩევნები. ხელახალი არჩევნები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს ერთპიროვნულ მმართველობას.
_ თუ თამარ ჟვანიამ ჩაატარა ხელახალი არჩევნები, არც არაფერი შეიცვლება.
_ თამარ ჟვანიას რაც შეეხება, ამ ქალბატონზე საერთოდ არ ვილაპარაკოთ. ხელახალი არჩევნები საქართველოში ერთპიროვნულ მმართველობას დაასრულებს და ჩვენ მართლა დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობას დავიწყებთ.
_ ბოლო დროს ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციას აქტიურად მოუწოდებენ დიალოგისკენ. მას შემდეგ, რაც ცესკომ შემაჯამებელი ოქმები გამოაქვეყნა, რა აზრი აქვს დიალოგს?
_ შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ რა აზრი აქვს დიალოგს? აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ არაფრის შეცვლას და დათმობას არ აპირებს. დიალოგისკენაც ერთი მიზნით მოუწოდებენ ოპოზიციას, რომ ისინი როგომე შეიტყუონ საკანონმდებლო ორგანოში. პარლამენტშიც იმიტომ უნდათ მათი შეტყუება, რომ არ სურთ იქცნენ თურქმენბაშად და ჩრდილოეთ კორეად. დღეს ხელისუფლების წინაშე მხოლოდ ეს პრობლემა დგას და არაფერი _ სხვა. ბიძინა ივანიშვილის პარტიას არჩევნები დასრულებული აქვს და არც შედეგების გადათვლას აპირებს. მას ახლა იმის ეშინია, რომ მსოფლიომ მეორე თურქმენბაშად არ გამოაცხადოს.
_ და არ არის ვითომ ივანიშვილი თურქმენბაში-2? შედარებით ლაითი ვარიანტია, მაგრამ არის. მისი ნებისმიერი მოთხოვნა და სურვილი სრულდება. მთელი მთავრობა მას უსიტყვოდ ემორჩილება.
_ ბიძინა კარგა ხანია, რაც თურქმენბაში გახდა, ახლა უბრალოდ ამის ოფიციალურ გაფორმებაზეა საუბარი. ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, „ქართული ოცნების“ ლიდერს ყველა თურქმენბაშად აღიარებს. ბიძინას ასეთ დიქტატორებთან ის უპირატესობა აქვს, რომ ოფიციალურად გაფორმებული არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ ზეწოლასა და ცდუნებას გაუძლო, სულ მალე ივანიშვილი ოფიციალურად გაფორმდება თურქმენბაშად.
_ და რა მოხდება, თუ ბიძინა ოფიციალურად გაფორმდება თურქმენბაშად?
_ ის პოლიტიკურად დამთავრდება. სიტუაცია თუ არ შეიცვალა, მაშინ ყველა ჩვენგანმა დავიხუროთ ქუდი და არ ვთქვათ, რომ სახელმწიფო ვართ. ამის დაშვება და „ქოცების“ ნარატივის აყოლა არ ღირს. არავის შეეშინდეს იმის, თუ „ქოცები“ „ნაცობას“ დააბრალებენ. „ნაცები“ მოიკითხონ თავისკენ.
_ ამ „ნაცებს“ თუ ასე ვერ იტანდნენ, რატომ არ სთხოვენ ივანიშვილს დამნაშავე „ნაცების“ დასჯას? „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ხომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა?
_ ვინ უნდა მოსთხოვოს ბიძინა ივანიშვილს „ნაცების“ დასჯა? „ქოცები“ უკვე შეეგუენ იმას, რომ მათი ლიდერი ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს არავითარ შემთხვევაში არ მოსთხოვს პასუხს.
_ რატომ არ მოსთხოვს პასუხს?
_ იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავად არის ნაცი.
_ ამას ისე ამბობთ, თუ რამე მტკიცებულება გაქვთ?
_ როდის იყო, მე ისე რამეს ვამბობდი? სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ივანიშვილი პირველი „ნაცი“ და პირველი მიშისტია საქართველოში.
_ ოპოზიცია მაიკ პომპეოს თბილისში ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს. თქვენი აზრით, ოპოზიციის ოპტიმიზმი რეალურია ან რას ეფუძნება ის? თავად თქვენ რა მოლოდინები გაქვთ?
_ იმის შემდეგ, რა მოვლენებიც მთიან ყარაბაღში განვითარდა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. ყარაბარში ომის დასრულების შემდეგ არსებულმა რეალობამ აჩვენა შემდეგი რამ: რუსეთი ცდილობს, ამიერკავკასიიდან მთლიანად განდევნოს ამერიკის შეერთებული შტატები. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამაში ბიძინა ივანიშვილიც მონაწილეობს.
_ რაში მონაწილეობს? მან როგორ უნდა განდევნოს კავკასიიდან ამერიკელები?
_ ივანიშვილი ხელისუფლებაში ახალი მოსული იყო, როდესაც ასეთი რამე თქვა, _ რა უნდათ შავ ზღვაში ამერიკელებს? ამ ფრაზის გაგრძელებაა ყველაფერი, რაც შემდეგ მოხდა საქართველოში.
_ რას გულისხმობთ, ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლას?
_ რა თქმა უნდა. ეს იყო ძალიან სერიოზული პროექტი, რომელიც შედიოდა ამერიკელების ინტერესებში და, შესაბამისად, არ აწყობდა რუსეთს. რეგიონში რუსეთის გავლენა ნელ-ნელა გაძლიერდა, ყარაბაღის ომის დასრულება კი ამის კულმინაცია იყო.
ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ ამ ომის შედეგად აზერბაიჯანმა თავისი მიწები დაიბრუნა. კი ბატონო, დაიბრუნა, მაგრამ არ არის აზერბაიჯანი გამარჯვებული, ისევე როგორც დამარცხებული სომხეთი არ არის დამარცხებული. ამ ომს მხოლოდ ერთი გამარჯვებული ჰყავს და ეს არის რუსეთი, რომელიც, როგორც უკვე გითხარით, რეგიონიდან ამერიკის შეერთებული შტატების განდევნას ცდილობს.
ამ სიტუაციაში საქართველოში პომპეოს ვიზიტი ლოგიკურია. ის აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო. მისი ქვეყნის ინტერესები საფრთხის წინაშე დგას. მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვენს რეგიონში ამერიკის პოზიციების შესუსტებას ტრამპის ადმინისტრაციამ შეუწყო ხელი.
_ რანაირად?
_ ტრამპი რუსული პოლიტიკის მიმართ ლოიალობას იჩენდა. რაც დღეს კავკასიის რეგიონში ხდება, ეგ არის ტრამპის პოლიტიკის „კანეცი“. სომხეთი და აზერბაიჯანი უკვე რუსეთისაა. დარჩა საქართველო. ამერიკელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ ეს მაინც არ დაკარგონ.
_ გინდათ თქვათ, რომ პომპეო აქ მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ ამერიკამ საქართველო არ დაკარგოს? აბა, რა უხარია ოპოზიციას? რაზე ამყარებენ იმედებს?
_ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რაზე სასაუბროდ მოდის პომპეო და ვის დაელაპარაკება ის. ბიძინა ივანიშვილის გუნდი თუ დარჩა ხელისუფლებაში, შეინარჩუნებს აქ ამერიკა თავის გავლენას? მე ისევ გაგახსენებთ ივანიშვილის ფრაზას, _ რა უნდა ამერიკის შეერთებულ შტატებს შავ ზღვაში? მგონი, ყველაფერი გასაგებია. თურქმენბაშის საქართველო ამერიკას კავკასიაში დასაყრდენად არ გამოადგება.
_ და ამიტომ შეიცვლება აქ ხელისუფლება?
_ აქ აუცილებლად იქნება ხელახალი არჩევნები. პომპეო არავის ეტყვის, ხელახალი არჩევნები ჩაატარეო. დასავლეთი ასე ხისტად არ მოქმედებს. ეს რუსების სტილია. აშშ ყველანაირად ეცდება, რომ საქართველოს სახით კავკასიაში ძლიერი დასაყრდენი შეინარჩუნოს. ჩვენი გასაკეთებელი ჩვენც უნდა გავაკეთოთ. ხელი თუ არ გავანძრიეთ და ყველაფერი ისე დავტოვეთ, როგორც არის, რუსეთი, უბრალოდ, გადაგვყლაპავს.
ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება, რომელიც შეიძლება თავად სააკაშვილმა დაარღვიოს და დაშალოს. როცა სააკაშვილმა პრემიერობაზე უარი თქვა, ამან უზრუნველყო ოპოზიციის გაერთიანება. ახლა იმის ყვირილმა, მიშა ჩამოდიო, შეიძლება, ერთობა დაშალოს. ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, რას იზამენ „ნაცები“ და პირადად მიხეილ სააკაშვილი. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში დარჩენაში მთავარი მიზეზი იქნება „ნაცების“ სიბრიყვე. მიშას ჩამოსვლას კი ნუ ითხოვთ, ბიჭებო, ივანიშვილის ხელისუფლებიდან წასვლის საკითხი დააყენეთ. იმედია, მიშაც აზრზე მოვა და რამე სიბრიყვეს არ ჩაიდენს. ბიძინას გადარჩენა ახლა მხოლოდ სააკაშვილის სიბრიყვეს შეუძლია.

ავტორი: შორენა მარსაგიშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 20, 2020 21:44